სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებულები გამოვლინდა

"აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებულები ცნობილია. გამარჯვებულების ვინაობა დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდა და მათ შესახებ ინფორმაცია საიტზე - Stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნდა.

სულ თანხა მოიგო 160-მა მოქალაქემ. გათამაშდა 20 000 ლარი.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ლატარიის კომპანია ყოველდღიურად, შემთხვევითი პრინციპით გაათამაშებს ფულად ჯილდოს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.

ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად, წლის ბოლომდე. ასევე იქნება, ყოველკვირეული შემაჯამებული გათამაშება. ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა აცრილი ადამიანი, მათ შორის - ერთჯერადად.

STOPCOVID ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა იყოთ ერთხელ მაინც ვაქცინირებული. გათამაშებების ბილეთი ვაქცინირებულის NCDC-ის მიერ ელექტრონულად მინიჭებული უნიკალური კოდია. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან (სერტიფიცირებული პროგრამული შემთხვევითი რიხცხვების გენერატორის საშუალებით). შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთერთს და გამოავლენს გამარჯვებულს.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება "აიცერი და მოიგეს" ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია "აიცერი და მოიგეს"-ს ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს "აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში.

STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 - 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

16 დან - 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით.

1000 ლარზე მეტი თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები. ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100