ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტი - ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დ.ნ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა.მ.-სთან და შ.მ.-სთან, რა დროსაც, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ორივე პირს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად, შ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


მკვლელობა 2020 წლის 28 ივნისს მოხდა, რა დროსაც, ბრალდებულმა ერთ პირს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, მეორე პირი კი დაჭრა. შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

კომენტარი