„დასაჯეთ მოძალადეები" - ჟურნალისტებმა პარლამენტში ბანერი ისევ გადმოფინეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით - „დასაჯეთ მოძალადეები" ისევ გადმოფინეს და 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯა მოითხოვეს.

ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება. როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

"ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე ხდებოდა და თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს. მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს - იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს“, - განაცხადა კუჭავამ

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირას, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოფინეს, რაც საბოლოოდ, ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის მიზეზი გახდა.

კომენტარი