სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ელოდებიან

ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ელოდებიან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კვლავ გამოვლინდა ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები, რაც, ძირითადად, მასობრივ ღონისძიებებს უკავშირდება.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში შემუშავებული კოვიდწესები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები ახალ ტალღას ვეღარ შეაჩერებს.

„მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, რომ თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვირუსს თავისი გავრცელების პოტენციალი აქვს და მისი შემაკავებელი მხოლოდ სამი ფაქტორია.

„ერთი ეს არის პირბადე, რომელსაც შეუძლია, 30%-ით შემცირდეს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. სამიზნე ქვეყნად ითვლება სინგაპური, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და გარეთ ატარებს პირბადეს და პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, პანდემია გაკონტროლებულია. მეორე ეს არის მობილობის შეზღუდვა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები სახლში ხელოვნურად დაამწყვდიო და მათ არ მისცე გარეთ გასვლის შესაძლებლობები. მესამე ეს არის ვაქცინაცია“ - ამბობს კულუმბეგოვი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვირუსის მომდევნო ტალღის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რეკომენტაციების დაცვა და ვაქცინაციის უფრო ინტენსიურად გაგრძელება.

„ჩვენ ვემზადებით ახალი ვაქცინების დანერგვისთვის და, ვფიქრობ, ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი, რაც პირველი და მთავარი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდეგი ტალღები და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100