სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე „რუსთავი-2“-ის ოპერატორი დააკავეს

დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე დააკავეს „რუსთავი-2“-ის ოპერატორი, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ უხეშობას იღებდა, - ამის შესახებ „კურიერში“ მოსკოვიდან პირდაპირი სატელეფონო ჩართვის დროს სამაუწყებლო კომპანიის კორესპონდენტმა მოსკოვში, თამარ ნუცუბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპერატორს მხოლოდ ერთი ზარის უფლება მისცეს და იგი ჟურნალისტს დაუკავშირდა. როგორც ნუცუბიძე აცხადებს, „ომონის“ თანამშრომლებმა იგი სხვა მომიტინგეებთან ერთად ავტობუსში მოათავსეს, რომელიც იქვე დგას და იქედან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. წინასწარი ინფორმაციით, ოპერატორს ვიდეოკამერა და გადაღებული მასალა ჩამოართვეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ოპერატორი დამატებითი კადრების აკრეფას აპირებდა.

თამარ ნუცუბიძის განცხადებით, დაკავების მომენტში ოპერატორი მომიტინგეებს შორის იყო ჩამუხლული და კადრებს იღებდა, ამ დროს კი მომიტინგეები სკანდირებდნენ ფრაზას: „პუტინ, წადი!“. მისივე თქმით, მაქსიმალური სასჯელი, რაც ადმინისტრაციული წესით შეუძლიათ მიუსაჯონ ოპერატორს, ასეთ შემთხვევებში 15-დღიანი პატიმრობაა. „ის რუსეთის მოქალაქეა და, აქედან გამომდინარე, მასზე ზეწოლის უფრო მეტი საშუალების გამოყენება შეუძლიათ“, - დასძინა თამარ ნუცუბიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100