მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს არის ეკლესიის ფეხვქვეშ გათელვა - ანდრია ჯაღმაიძე

ეს იყო შეჭრის მცდელობა, ეს არის ეკლესიისა და სიწმინდების დევნა - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთბის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს.

ჯაღმაიძის თქმით, ასეთი რამ საქართველოში არასოდეს მომხდარა.

"ის რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას, თანამედროვე ეპოქაში, არ ახსოვს. არცერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს. ეს არის ფეხვქვეშ გათელვა ეკლისიისა და სიწმინდისა.

თქვენ კარგად ნახეთ კადრებში, ვინც უვარდებოდა, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო დაწვრილებით მოგაწვდით კადრებს. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები. მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება, ჩაატარონ სასულიერო პირებმა კრება დამსწრეების გარეშე. ყოველგავრი ნებართვის გარეშე შესვლა არის შეჭრა. ეს არის დევნა" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.


დღეს ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ამ დროს, აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ "ტვ პირველის", "ფორმულას", "რუსთავი ორისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები.

კომენტარი