NDI: გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობაში ყველა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.

შეკითხვაზე, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს, 82 პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ ცხრა პროცენტი.

შეკითხვაზე – ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას: იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში – 76 პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ 13 პროცენტი. „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, ამ შეკითხვაზე პასუხებს შორის 14 პროცენტი არის ოპოზიციის მხარდამჭერი. მათი 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.

ერთმანეთთან თანამშრომლობაზე დასმულ შეკითხვაზე მოპასუხე ოპოზიციის მხარდამჭერებიდან კი 80 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას – „იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში“.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კომენტარი