ფიქრია ჩიხრაძე: "სიების გამოქვეყნებამ ივანიშვილის უანგარობა ეჭვქვეშ დააყენა"

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, "იმ პირთა სიების გამოქვეყნებამ, ვისაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ეხმარება, მისი ქველმოქმედების უანგარობა საფუძვლიანი ეჭვქვეშ დააყენა".

როგორც ჩიხრაძემ პარტიის მცხეთის ოფისის გახსნაზე განაცხადა, "დახმარების მიმღებთა სიების საჯაროდ გამოქვეყნებამ ორივე მხარე - მიმღებიც და დახმარების გამცემიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა".

"ცნობილი ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არ ხმაურდებოდა. ფონდს დახმარების მიმღებთა კონკრეტული ვინაობის გამოქვეყნება კანონმდებლობით არ ევალება და დღემდე არც ინფორმაციის მედიაში გაჟონვა მომხდარა. ამდენად ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შემდეგ არათუ ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხების, არამედ დახმარების მიმღებთა ვინაობისა და მიღებული დახმარების ოდენობის დაწვრილებით გამოქვეყნებამ ბუნებრივი ეჭვები გააჩინა. ნებსით თუ უნებლიედ, ორივე მხარე - მიმღები და გამცემიც პოლიტიკური პროცესიის ნაწილი გახდა. მათი უფლება საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე აშკარად დაირღვა, რადგან ის, რაც მოხდა, პირდაპირ პირად ცხოვრებაში ჩარევას ნიშნავს. ეს ადამიანები შანტაჟის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან გაწეული დახმარების სანაცვლოდ პოლიტიკური მხარდაჭერის ვალდებულებას უჩენენ. ჩიხრაძემ დასძინა, რომ "ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, ეს ორმხრივი უხერხულობა მოხსნას, თავად ივანიშვილია".

"არა მგონია, მის ინტერესებში შედიოდეს, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე მისი საქმიანობა საზოგადოების მხრიდან უანგარი ქმედებად კი არა, წინასწარ განზრახულ პოლიტიკურ ინვესტიციად შეფასდეს", - განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში იმ პირთა სია გამოქვეყნდა, რომლებსაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად ეხმარება.

კომენტარი