სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გაერთიანება არის გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის" - ბადრი ჯაფარიძე

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებზე ღიად საუბრობს. მისი თქმით, “ლელოსა” და გიორგი მარგველაშვილის ხედვები ერთმანეთისას ემთხვევა.
“პრეზიდენტ მარგველაშვილთან მჭიდრო კონსულტაციებს ვახორციელებთ. ჩვენი ხედვები ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მწვავე საკითხების გადაწყვეტის გზებზე თანხვედრაშია და მოლაპარაკებებს ვაგრძლებთ. თუ რა ფორმით ვითანამშრომლებთ, ამის შესახებ აუცილებლად საზოგადოებას და მედიას ვაცნობებთ. ასევე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები გვაქვს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე ყველანი ერთად, ქართულ ოცნებას პირველივე ტურში დავამარცხებთ,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“ლელო საქართველოსთვის ლიდერი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო ვარიანტებზეც საუბრობს. კრისისის დასაძლევად კი მთავარი საკითხი ერთიანი აზრია.
“ჩვენ გვაქვს მტკიცე პრიორიტეტები - ქვეყანას სჭირდება მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ამიტომ, დაყოფის და დანაწევრების სანაცვლოდ, დროა გაერთიანება ქვეყნის ირგვლივ და საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, “-განმარტა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ პარტიის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ “ლელო” მოქალაქეებს ცვლილებების შანსს უზრდის.
“ლელო არის ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთად შევცვალოთ სრულიად არაპროდუქტიული პოლიტიკური ლანდშაფტი და გავერთიანდეთ მთავარი ღირებულებების ირგვლივ ქვეყნისა და ადამიანის კეთილდღეობისთვის.”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100