სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის პრესსამსახური პირდაპირ ეთერს ითხოვს, მაგრამ მსს–ს ეზოში არ შეუშვებს...

განახლებულია: 31.10.2011; 16.20 სთ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

"პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებით ივანიშვილის პრესსამსახური ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს აყენებს.

ირაკლი ტრიპოლსკი ბრიფინგის მინიმუმ 40–წუთიან ხანგრძლივობას ითხოვს, მაგრამ, ამავდროულად, უარს ამბობს ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მოძრავი სატელიტური სადგურისა და ტექნიკური პერსონალის შეშვებაზე. ტრიპოლსკის განცხადებით, საკითხის დეტალური განხილვა ივანიშვილის დაცვასთან უნდა მოხდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი, მოხერხდება თუ არა ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე იმ აპარატურის შეტანა, რომლის გარეშეც პირდაპირი ეთერი ვერ განხორციელდება.

აქვე საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის უზრუნველყოს პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერით გაშუქება, დაუთმოს იმდენი დრო, რამდენი ხანიც საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას დასჭირდება", – ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა უპასუხა:

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა "ნეტგაზეთთან" საუბრისას განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, პრეკონფერენციის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

”იმ მომენტში, როდესაც განცხადება გავრცელდა, ჩვენთან გიორგი ბარათაშვილი იმყოფებოდა, საზოგადოებრივი არხის ტექნიკური სამსახურის დირექტორი, ორი ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა, თუ სად განთავსდება კამერები, პეტეესი და როგორ მოხდება ხმის უზრუნველყოფა, ისინი თავისუფლად შეძლებენ ტექნიკის შემოტანას და ჩვენგან პრობლემა მათ არ შექმნიათ,” - განაცხადა ნონა ყანდიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100