„შუა ქალაქის“ იდეის ავტორს არ სურს, სერიალის ძველ მსახიობებს პრესიდან ეკინკლაოს

"არ მინდა, "შუა ქალაქის" ძველ მსახიობებს პასუხი პრესის საშუალებით გავცე. ჩვენი შეკრება არ მოხერხდა, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სერიალის შემქმნელმა დავით გოგიჩაიშვილმა.

"მესმის მათი ემოციის, თუმცა მინდა ვუთხრა, გაიხსენონ - თავდაპირველად, როგორი რეიტინგი ჰქონდა "შუა ქალაქს". ყველაფერი წინ აქვს ჩვენს სერიალსაც და მის ახალ პერსონაჟებსაც.ხალხმა შეიძლება არ დაიჯეროს, მაგრამ დასაწყისში "შუა ქალაქის" რეიტინგი ძალიან დაბალი იყო. შემდეგ კი ყურებადი გახდა. ამჯერადაც ასე იქნება", - აღნიშნა სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა დავით გოგიჩაიშვილმა.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განახლებული სერიალის უკვე 4 სერია გავიდა, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სერიალის ძველმა გმირებმა აღნიშნეს, ახალი პერსონაჟებისგან ისეთი მუხტი არ მოდის, როგორიც ძველისგან. ამაზე მაყურებელსაც არაერთგვაროვანი პასუხი აქვს.

"ჯი-ეიჩ-ენთან" კი თავად "შუა ქალაქის" იდეის ავტორის, დავით გოგიჩაიშვილის განცხადებით, ცვლილებები კარგა ხნით ადრე უნდა მომხდარიყო.

"ჩემი აზრით, ცვლილებები დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო, სისხლის გადასხმა ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა მარტო მე არ ვწყვეტ ამ ამბავს, ამიტომ შეცვლის ამბავი გაგვეწელა. 11 სეზონის განმავლობაში "შუა ქალაქში" ძირითადი არაფერი შეცვლილა, მემგონი, მაყურებლისთვის სანამ მოსაბეზრებელი გახდებოდა უნდა შეგვეცვალა. რაც შეეხება მუხტს და ენერგიას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უფრო გვეგონა დისტანცირება მოხდებოდა მაყურებელთან, მაგრამ რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, ასე არ მოხდა", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სერიალში ძველი პერსონაჟებიდან მხოლოდ ორნი - ლაშიკო და პეტო - დარჩნენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გოგიჩაიშვილმა განუცხადა, მათი სერიალში დარჩენა სცენარის მიხედვით გადაწყდა.

კომენტარი