სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარია: არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი

არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში სტუმრობისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა. „არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლომდე, სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკის ასამოქმედებლად გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ საქართველომ ან მსოფლიომ კორონავირუსი დაამარცხა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას.​ „შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას და მოქალაქეებს შევიყვანთ რისკის ქვეშ“, - აღნიშნა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შემოსაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100