ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კაცმა თავისი და და მეგობარი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, წუხელ, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცმა თავისი და და მეგობარი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ჯერ ჩხოროწყუს, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, დას კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩხოროწყუში დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი