სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი იმყოფება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გარდა აღნიშნული პაციენტებისა, კიდევ ორი კოვიდინფიცირებულია, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.

ამასთან, კორონავირუსზე ტესტირება 21 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა შემთხვავში ნეგატიური პასუხი მიიღეს.

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 60 პაციენტი იმყოფება. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვავში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს დაგეგმილია, დაახლოებით, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები. მოგეხსენებათ, გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან და მათი მკურნალობა გრძელდება. ასევე გვყავს ორი კოვიდ-დადასტურებული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ბოქსირებულ პალატებში. მათაც უტარდებათ მკურნალობა. ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა საბედნიეროდ, არც ერთს ჯერ ჯერობით მართვითი სუნთქვა არ სჭირდება, მხოლოდ ჟანგბადის ინტენსიური მიწოდების ფონზე ინარჩუნებენ სუნთქვის ნორმალურ კომპონენტს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ორი პაციენტიდან ერთი საავადმყოფოში 3 დღის წინ შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, რადგან პნევმონია აქვს. იგი ე.წ „ეროვნული ბანკის“ კლასტერს წარმოადგენს. მეორე პაციენტი კი კლინიკაში მარნეულიდან დაგაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4 722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408 მოქალაქე რჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100