თბილისში აქციების პარალელურად And then We Danced-მა კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

სულ ცოტა ხნის წინ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის ქართულ-შვედური პროექტი, And Then We Danced მოხვდა.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები იმართება. თბილისში კონტრაქციის ორგანიზატორები არიან ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფებიან. კინოჩვენების გამპროტესტებლები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამართალდამცავების მისამართით პიროტექნიკას და გარკვეულ ნივთებს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. აქციიდან ამჟამად დაკავებულია 11 ადამიანი. თბილისში კინოთეატრ ამირანის წინ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. კინოაფიშას ინფორმაციით, And Then We Danced-ის ჩვენება ყველა კინოთეატრში მიმდინარეობს.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

კომენტარი