მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე კალისტრატე, ერთი საათის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.


მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.


ქუთაის-გაენათის ეპარქიამ მეუფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფოტოსთან ერთად ბოლოს 10 ივნისს გაავრცელა. კლინიკაში გადაღებულ ფოტოზე მეუფე კალისტრატე მამა იოსებ ბურჯანაძეს არქიმანდრიტის ხარისხით აჯილდოვებს.


ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

კომენტარი