სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონკორდიას სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა არაბულ რევოლუციებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, კონკორდიას სამიტზე სიტყვით გამოსვლისას არაბულ რევოლუციებზე ისაუბრა.

"მსურს, ვისაუბრო თავისუფლების საყოველთაო გამოძახილზე, რომელიც ის საფუძველია, რაზეც ჩვენ ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია უნდა ავაშენოთ. ეს გამოძახილი ისტორიის მამოძრავებელია, რომელიც დღეს მთელს არაბულ სამყაროზე ვრცელდება. მთავარი ისტორიული მოვლენები ჩვენთვის ყოველთვის მოულოდნელია. არავის უწინასწარმეტყველია და დაუგეგმავს რევოლუციები, რომელთა ტალღამ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას 1989 წელს გადაუარა, არც ის ფერადი რევოლუციები, რომლებიც 15 წლის შემდეგ მოხდა. ახლა ისტორიამ კიდევ ერთი სიურპრიზი გაგვიკეთა ჩრდილოეთ აფრიკაში მოულოდნელი რევოლუციების ტალღისა და არაბულ სამყაროსა და მის მიღმა ტექტონური ცვლების სახით. რევოლუციებს შეუძლია, არა მხოლოდ გარდაქმნას ის ქვეყნები, სადაც ისინი ხდება, არამედ ყველას გვაიძულებს, მსოფლიო ახლებურად დავინახოთ",- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს რევოლუციური გარდაქმნების გამოცდილებაზეც ისაუბრა.

"7 წლის წინ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო მომაკვდავი ეკონომიკით და გაბატონებული კორუფციით. მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი მოიყვანა, რომელსაც საბედნიეროდ, სათავეში მე ვედექი. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა იმ ქვეყნის მართვა, რომელიც თავზე გვენგრეოდა და თანაც - მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში. რევოლუცია მხოლოდ ქუჩაში ხალხის შეკრებას არ ნიშნავს, ის რეფორმების გრძელ და რთულ პროცესს მოიცავს. ეს უმთავრესი გამოწვევაა, რომელის წინაშეც ამჟამად ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია დგანან. ძალზე შთამბეჭდავია CNN-ის კადრები, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აღნიშნავს ხალხი გამარჯვებას ტაჰირის მოედანზე, ან როგორ ცეკვავენ ლიბიის მოქალაქეები კადაფის სასახლეებში, მაგრამ არაბული რევოლუციების წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რაც დასავლური ტელევიზიების გამორთვის შემდეგ მოხდება. ჩვენი დახმარება მაშინ უფრო იქნება საჭირო, როდესაც FOX და CNN არ იქნებიან. საქართველოში, როდესაც დასავლური ტელევიზიების წარმომადგენლებმა დაგვტოვეს, ჩვენი საზოგადოების რადიკალური და ყოველმხრივი გარდაქმნა დავიწყეთ, რომელსაც ჟურნალმა The Economist "მენტალური რევოლუცია" უწოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერში წარმატებას ვერ მივაღწიეთ - ნაკლიც გვქონდა და უამრავი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ როგორც ევროპული კოსმოპოლიტიზმის მამამ ემანუელ კანტმა 200 წლის წინათ დაწერა, "არ შეგიძლია, მზად იყო თავისუფლებისთვის, ვიდრე არ იქნები თავისუფალი". კანტი იმას გულისხმობდა, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც წინასწარ გასწავლის, როგორ მართო. ამის სწავლა მხოლოდ საკუთარი წარმატებებისა და წარუმატებლობების საფუძველზეა შესაძლებელი. საქართველოში ჩვენ არანაირი გზამკვლევი არ გვიპოვია, რომელიც მიგვითითებდა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. მსგავსი გზამკვლევი არც ჩვენი არაბი მეგობრებისთვის გამოჩნდება. თუმცა ჩვენ სხვათა გამოცდილება გვქონდა, რომელიც შევისწავლეთ. დღესდღეობით რეგიონული პოლიტიკისა და აზრის შემქმნელები, მათ შორის, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი რუსიც საქართველოში ჩამოდიან, რათა მოძებნონ გზები იმისათვის, რომ ძველ პრობლემებს ახალი იდეებით გაუმკლავდნენ. ახლახანს თბილისში ჩვენი გარდაქმნის შესასწავლად ტუნისიდან და ეგვიპტედან ჩამოვიდნენ. საქართველოში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ვართ მომართული, მუქარის პირობებშიც კი ჩვენი რეფორმების განხორციელება განვაგრძოთ. ჩვენი მოდელი სრულყოფილი არ არის. ის, შესაძლოა, არც არაბულ ერებს მოერგოს და არც რეგიონის სხვა ქვეყნებს, თუმცა ჩვენი გამოცდილება ყველასთვის იმედისმიმცემია: რადიკალური ცვლილებები შესაძლებელია",- განაცხადა სააკაშვილმა და არაბული ქვეყნებისთვის გარდამავალი დემოკრატიის საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა აღნიშნა.

ცნობისთვის, კონკორდიას პირველი სამიტი აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტების 10 წლისთავს მიეძღვნა.

ნინო ჩიჩუა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100