სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცისკარიშვილი: მგონი, ასლან აბაშიძის ძაღლი უფრო ერთგულია პოლიტიკურად, ვიდრე ჯონდი ბაღათურია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს ასლან აბაშიძის ძაღლსა და ჯონდი ბაღათურიას შორის „უფრო ერთგულის" გამოვლენა უჭირს.

„არ ვიცი, რომელი უფრო ერთგულია, ასლან აბაშიძის შინაური ცხოველები თუ ჯონდი ბაღათურიას პოლიტიკური ფიგურა", - ასე გამოეხმაურა ცისკარიშვილი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას, რომელმაც ხელისუფლება ზაფხულის განმავლობაში მილიარდების „განიავებაში" დაადანაშაულა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელთა განცხადებებსაც შეეხო და მათ „ტყულების ღვარცოფი" უწოდა.

„სამწუხაროდ, ტყულების ღვარცოფი მოდის და ამაზე გვიწევს პასუხის გაცემა... თელავის არჩევნებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, „ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლებს იქ მხოლოდ ერთი სოფლის სახელი გაუგიათ, რადგან ერთი და იგივეს იმეორებდნენ. ეტყობა, დაეზარათ კილომეტრნახევარი გაევლოთ და ენახათ, როგორ შეიქმნა მათ მიერ ხსენებულ სოფელ სანიორეში 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი და ახალი ფერმერული მეურნეობა. თუ არ გჯერათ, ჩადით და ნახეთ", - მიმართა ცისკარიშვილმა „ქრისტიან-დემოკრატებს".

მისივე თქმით, შესაძლოა, თელავის რაიონის სოფლებს პრობლემები მართლაც აწუხებდეთ, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით (რაც საერთო მრიცხველის არსებობას უკავშირდება), თუმცა აქვე განმარტა, რომ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მთავარი მიზანი, სწორედ ამ სოფლების ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100