როგორ გახსნეს მკვლელობების სერია საქართველოში, რომელსაც რამდენიმე მეძავის სიცოცხლე ემსხვერპლა

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გახრწნილი ცხედარი

მოსე კარიძე საშუალო დონის ბიზნესმენი იყო და თბილისსა და ქუთაისში პატარა საწყობების ქსელი ჰქონდა. წარმოშობით პროვინციელმა თბილისში ფეშენებელური ბინა შეიძინა. წყნეთში კი – აგარაკი, რომელიც დაანგრია და ახლის აშენებას აპირებდა. საძირკველს რომ თხრიდნენ, ბულდოზერმა მიწიდან გახრწნილი გვამი ამოაგდო. ის პროზექტურაში წაიღეს, მაგრამ ასეთ დროს სავალდებულო მანიპულაციები რომ არ ჩაეტარებინათ, მის გადაგდებას აპირებდნენ, მაგრამ პატრულის თანამშრომელმა გივი კოხრეიძემ მათ ამის საშუალება არ მისცა, სათანადო ოქმის შედგენის შემდეგ პათანატომებს ექსპერტიზა ჩაატარებინა და ლაბორატორიაში გამოსაკვლევი მასალაც გააგზავნინა, რაზეც პროზექტურის თანამშრომლები ბრაზობდნენ. არადა, კოხრეიძე კანონის სრული დაცვით მოქმედებდა. ახალგაზრდა პატრულის „აქტივობა“ არ ესიამოვნათ საგამოძიებოს თანამშრომლებსაც. მათ არ ეპიტნავებოდათ გახრწნილი გვამის საქმის ძიება, მაგრამ თავზემოთ ძალა არ იყო. თუმცა, ეს საქმე გამოცდილ ვანო კეკელიძეს დააწერეს (მიუგდეს) და „ბებერი მგელი“ ჩვეული პროფესიონალიზმით შეუდგა საქმეს.

გახსნილი მკვლელობა

ვანო კეკელიძემ, თავისი ახალგაზრდა კოლეგებისგან განსხვავებით, ყურადღებით დაათვალიერა გახრწნილი გვამის ტანსაცმელი და ოლეგ ქეშელაშვილის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელ მოწმობას მიაგნო. პიროვნების იდენტიფიკაციისას, კეკელიძემ აღმოაჩინა, რომ ქეშელაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მას უკვე ორი თვეა, რაც ეძებდნენ. განცხადება პოლიციაში მის მეუღლეს, ეთერ თეთრუაშვილს ჰქონდა შეტანილი. კეკელიძე რომ ახალბედა ან ზარმაცი გამომძიებელი ყოფილიყო, ეს საქმე, დიდი ალბათობით, არ გაიხსნებოდა და გაუხსნელი დარჩებოდა უფრო დიდი საქმეც, რომელიც ამ საქმიდან გაიხსნა. „ბებერმა მგელმა“ ეთერ თეთრუაშვილთან შეხვედრა გადადო, რადგან ერთი ვერსია უტრიალებდა და გამოძიებაც ამის გარშემო ააგო. კეკელიძემ ჯერ ის დაადგინა, რომ წყნეთის აგარაკი თეთრუაშვილმა ქმრის გაუჩინარებიდან ერთი თვის მერე გაყიდა. გამოცდილმა გამომძიებელმა თავისი წყაროებით ისიც გაიგო, რომ 38 წლის ეთერ თეთრუაშვილს ახალგაზრდა საყვარელი, 26 წლის უმუშევარი ალმასხან ხასაია ჰყავდა. იმჟამად წყვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმყოფებოდა „საგულაოდ“ და 4 აგვისტოს უნდა ჩამოსულიყვნენ, ანუ გვამის აღმოჩენიდან ორი დღის მერე, რადგან ქეშელაშვილის ცხედარი 2 აგვისტოს აღმოაჩინეს და კეკელიძე ძალიან ოპერატიულად მოქმედებდა. „ბებერი მგლის“ ვერსიით, ქეშელაშვილი ამ წყვილმა თუ არა, ერთ-ერთიმა მათგანმა მოკლა და საქმის გამოძიებისას ნაცადი ხერხი გამოიყენა და „ტარანზე“ წავიდა. 4 აგვისტოს ვანო კეკელიძე აეროპორტში დახვდა თურქეთიდან ჩამოფრენილ წყვილს, საკუთარი თავი წარუდგინა და უთხრა, რომ ოლეგ ქეშელაშვილთან დაკავშირებით კითხვები უნდა დაესვა ქალისთვის. ამ საბაბით მიიყვანა წყვილი გამომძიებელმა პოლიციის სამმართველოში. ორივე წინ დაისვა და უთხრა:

– ქალბატონო ეთერ, იცოდით, რომ თქვენი მეუღლე პირად დღიურებს აწარმოებდა?

– არა, არ ვიცოდი, – მიუგო ქალმა.

– ჩვენ ეს დღიური აღმოვაჩინეთ თქვენი მეუღლის დედის სახლში, რომელშიც წერია, რომ თქვენ საყვარელი გყავთ, – კეკელიძემ თითი ხასაიასკენ გაიშვირა, – აი, ეს ყმაწვილი. თქვენი მეუღლე უგზო-უკვლოდ არ დაკარგულა. ის თქვენ მოიშორეთ თავიდან და წყნეთის აგარაკის სარდაფში ღრმად ჩამარხეთ. შემდეგ კი აგარაკი გაყიდეთ.

– მე არა, მე არ მომიკლავს! – ისტერიკულად გაჰკიოდა ხასაია. ქალისკენ იშვერდა ხელს და იმეორებდა, – აი, ამ ძუკნამ მოკლა და მაიძულა, რომ დამემარხაო...

მოუხელთებელი მანიაკი

ეთერ თეთრუაშვილმა აღიარა, რომ თავისი მეუღლე, ოლეგ ქეშელაშვილი 29 მაისს წყნეთის აგარაკზე თავში წერაქვის ჩარტყმით მოკლა. ქალი წერდა: „ალპინისტის წერაქვი წყნეთის აგარაკზე, მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად კედელზე მქონდა დაკიდებული – ის მთამსვლელი იყო და მთაში დაიღუპა. ოლეგი მე და ამ ნაძირალა ალმასხანს მოულოდნელად წამოგვადგა თავზე. ვიცოდი, რომ მივლინებაში იყო, ის კი, თურმე, ჩემზე ეჭვიანობდა და ფაქტზე დაგვიჭირა. ჩემს მეუღლეს უზარმაზარი ხანჯალი ეკავა და დაჩეხვით გვემუქრებოდა. მას ისეთი თვალები ჰქონდა, რომ აუცილებლად შეასრულებდა სიტყვას. მე ხერხს მივმართე და ვუთხარი – ალმასხანმა დამაშინა და ამიტომ გიღალატე-მეთქი. ოლეგმა ალმასხანისკენ გაიწია. მე კი ამით ვისარგებლე, კედლიდან წერაქვი მოვხსენი და ოლეგს კეფაში მთელი ძალით ჩავცხე და ის ადგილზე გარდაიცვალა...“

5 აგვისტოს წყვილს მკვლელობისა და მკვლელობის შეუტყობინებლობაში დასდეს ბრალი, 7 აგვისტოს, როდესაც კეკელიძეს უკვე დასრულებული ჰქონდა საქმე, გამოძიებამ ყოვლად მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა. როდესაც ოლეგ ქეშელაშვილის შინაგანი ორგანოების გამოკვლევის დასკვნა მოვიდა, გაირკვა, რომ მოკლულის „დეენემი“ აბსოლუტურად იდენტური იყო იმ სექსუალური მანიაკის „დეენემისა“, რომელსაც ოთხი ქალი ჰყავდა მოკლული ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მას ვერ იხელთებდნენ. 40 წლის პირსისხლიანი მანიაკი მეძავებზე ნადირობდა. მათთან ჯერ სქესობრივ კავშირს ამყარებდა, შემდეგ კი – სასტიკად ჩეხავდა და შემთხვევის ადგილზე ტოვებდა ბარათს – „ქართველი ჯეკი მფატრავი“.

ამ საქმის გახსნისთვის ვანო კეკელიძეს სახელმწიფო ჯილდო მიანიჭეს. ჯილდო მიიღო პატრულ-ინსპექტორმა გივი კოხრეიძემაც.

ეთერ თეთრუაშვილი მანიაკი ქმრის მკვლელობისთვის დღემდე ციხეში ზის.


წყარო: ჟურნალი "თბილისელები"


კომენტარი