სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ღამის სერენადები“ მრავალფეროვანი პროგრამით 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბათუმსა და თბილისში გაიმართება

22 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან – „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით.

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი და ფესტივალის გენერალური სპონსორი, კომპანია თელასის წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ უკვე მეათედ გაიმართება.

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (საქართველო/აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (შვეიცარია/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/ საქართველო) და სხვა.

წლევანდელი ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

26, 28 და 29 აგვისტოს, კონცერტები ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2 და 4 სექტემბერს თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

მიხეილ ბატიაშვილი:

მართლაც უმნიშვნელოვანესი ფესტივალია, რომელიც სათავეს აფხაზეთიდან იღებს და წელს მეათე საიუბილეო წელიწადს აღნიშნავს. ის ქალბატონ ლიანა ისაკაძეს უკავშირდება. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას, ქართველ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, მსოფლიოში აღიარებული უცხოელი მუსიკოსებიც მიიღებენ. ეს იქნება საქართველოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა, ამიტომაც ჩვენი სამინისტრო ყველანაირად უჭერს მხარს ამ ფესტივალს და გააგრძელებს მის მხარდაჭერას მომავალშიც.

ნინა ცაგარელი:

ლიანა ისაკაძის ფესტივალი 1983 წელს დაარსდა აფხაზეთში, ბიჭვინთაში. შემდეგ სამწუხარო მიზეზების გამო წყვეტა იყო, მერე აღდგა ჯერ ბორჯომში და ეწოდა „ხელოვნების ზეიმი“, 2002 წელს აღდგა ბათუმში, „ღამის სერენადების“ სახელით. რამდენიმე წლის წინ, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, თბილისშიც გაიმართა კონცერტები.

წელს, როგორც იცით, სრულიად გამორჩეული პროგრამა გვაქვს, სოსო ბარდანაშვილს ვულოცავთ 70 წლის იუბილეს, შესრულდება უამრავი საინტერესო ნაწარმოებო. შეიძლება ითქვას, რომ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის სასურველ მუსიკალურ საღამოს „ღამის სერენადების“ მიმდინარეობისას.

გიორგი ისაკაძე:

წელს საიუბილეო ფესტივალია და ჟანრულად ძალიან მრავალფეროვანი, როგორც ყოველთვის. წარვდგებით ძალიან დრამატული პროგრამით: შოსტაკოვიჩი, ბარდანაშვილი, უსტვოლსკაია, მაგრამ აგრეთვე, რომანტიკულ ხიბლსაც შევძენთ ტანგოს მძაფრი ლირიკით. ლიანა ყოველთვის მიმართავდა სხვადასხვა ჟანრს და წლევანდელი ფესტივალიც არ იქნება გამონაკლისი, მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება.

საინტერესო იდეაა, რომ მოვიწვიეთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მუსიკოსები. კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან საქართველოს და მათ შორისაც გაძლიერდება კონტაქტები. ფესტივალის ძირითად საფუძველს წარმოადგენენ ლიანა ისაკაძის ძალიან ახლო მეგობრები, მათ შორის ვახტანგ მაჭავარიანი, გია იაშვილი, მევიოლინეების დიდი დინასტიის წარმომადგენელი.

ვახტანგ მაჭავარიანი:

მუსიკის მოყვარულები ამ ფესტივალს, პირველ რიგში, უნდა დაესწრონ რეპერტუარის გამო. მიმაჩნია, რომ მოცარტის „ღამის პატარა სერენადა“ ბევრმა იცის, მაგრამ ისეთი შედევრია, ნებისმიერ მსმენელს გაახარებს მისი მოსმენა. ვფიქრობ, ის, რაც არ მოუსმენია ქართველ მსმენელს, დვორჟაკის „სერენადაა“, ასევე, ძალიან საინტერესო ნაწარმოები შექმნა სოსო ბარდანაშვილმა, ასევე „სერენადის“ სახელით, სუპერთანამედროვე და რთული, რაც შემხვედრია. სოსო ჩვენი წიაღიდან წარმოიშვა და ძალიან წარმატებულია როგორც ისრაელში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია უდიდესი შედევრია და თუ არ ვცდები, აქ მხოლოდ ერთხელ არის შესრულებული რამდენიმე წლის წინ რუსთაველის თეატრში, ასე რომ, არც ამ ნაწარმოების მოსმენითაა განებივრებული ჩვენი საზოგადოება. რასაკვირველია, გია იაშვილის პროექტი „ოპერა ფანტაზია“ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ჩემი უახლოესი ნათესავი საშა კორსანტია ასრულებს გალინა უსტვოლსკაიას კონცერტს. ლოგიკურია, რომ შოსტაკოვიჩის კონცერტის შემდეგ შესრულდება უსტვოლსკაიას კონცერტი.

გია იაშვილი:

ბედნიერი ვარ, რო მომეცა თავისუფლება, ფესტივალის ფარგლებში ამერჩია, რისი დაკვრა მინდოდა. ტანგო ძალიან მომწონს და სადაც შემიძლია, ვუკრავ ხოლმე. ახლა მსურს, ფართო მსმენელს გავაცნო ჩემი საყვარელი მუსიკა. ერთხელ მაქვს დაკრული მარიო სტეფანო პიეტროდარჩისთან ერთად. გიტარისტ სოფია ბოროსთან ერთად კი ვსწავლობდი და შესანიშნავ მუსიკოსია. ისიც მონაწილეობს ამ საღამოში. მათ ერთად არასდროს დაუკრავთ და არც ბევრი რეპეტიცია გვექნება, ასე რომ, იმპროვიზაციაც იქნება. ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდებიან ტანგოს მოცეკვავეებიც, ასე რომ, საინტერესო საღამოს გპირდებით.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. თბილისის მერია, აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი Check in Georgia; ფესტივალის ოფიციალურიმზღვეველი – სადაზღვევო კომპანია ”არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“, ქართული ვისკი ”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია,,

იმედი“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, “events.ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო

„ჯი–ეიჩ–ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ–არტი“, Awards.com.ge,ინგლისურენოვანი გაზეთები „Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი”MyVideo.ge”.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი – ნინა ცაგარელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100