რობოტი სოფი საქართველოშია - მომწონს აქ ყოფნა, ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა

მომწონს საქართველოში ყოფნა, -ამის შესახებ მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო ცნობილია თავისი კერძებით და სტუმართმოყვარეობით. მე არ მექნება შესაძლებლობა ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, - განაცხადა სოფიამ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ „რობოტები ხალხს ეხმარებიან და არ არიან შექმნილნი ხალხის ჩასანაცვლებლად“.

რობოტი სოფია ასევე შეეხო ხელოვნური ინტელექტის საკითხს. მისი თქმით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანებს გაუადვილოს განმეორებადი ამოცანები და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები.

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

„ჰუმანოიდი რობოტი სოფია (www.hansonrobotics.com/robot/sophia) Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა“, - ნათქვამია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი