სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ვიკილიქსი” ბურჯანაძე–ბიწაძის გეგმებზე – ჯონ ბასის 2009 წლის წერილების მიხედვით

საიტი "ვიკილიქსი" ბურჯანაძე-ბიწაძის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი დიპლომატიურ გზავნილში პარლამენტის ყოფილი სპიკერის გეგმებზე წერს.
როგორც წერილშია აღნიშნული, მზარდი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი დიდი მოცულობის თანხებს რუსეთში დამკვიდრებული ქართველებისგან იღებს, რომელთა ნაწილი შესაძლოა, კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენელი იყოს.
"ვიკილიქსის" მიხედვით, ბურჯანაძემ ზაფხულის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, - ამის შესახებ ინფორმაცია ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიაწოდა. ვანო მერაბიშვილის თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბიწაძემ 500000 დოლარი ტარიელ ონიანისგან მიიღო, რომლის სახელიც მუხროვანის ამბოხების მცდელობას უკავშირდება. მინისტრის ინფორმაციით, ბიწაძესთან მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები მოსკოვში მცხოვრები კანონიერი ქურდებისგან, სომხეთის გავლით მოდის. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ბურჯანაძე და ბიწაძე ევროპაში ხშირად მოგზაურობდნენ, სადაც კანონიერ ქურდებთან მართავდნენ შეხვედრებს.
რაც შეეხება, ბურჯანაძის გეგმებს შემოდგომისთვის, ელჩი ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დეტალებზე წერს. ალასანია ("ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები") ელჩს მოუყვა, რომ ბურჯანაძე მუშაობდა ეკა ბესელიასთან ("ერთიანი საქართველო") და სალომე ზურაბიშვილთან ("საქართველოს გზა") შემოდგომაზე პროტესტის ახალი ტალღის წამოწყებასთან დაკავშირებით. აქციების შედეგი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა უნდა ყოფილიყო.
როგორც ალასანიამ განაცხადა, ბურჯანაძე საპროტესტო აქციებზე შემოერთებას გიორგი გაჩეჩილაძეს, იგივე "უცნობს", პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ძმას სთხოვდა. ალასანიამ აღნიშნა, რომ მისი ალიანსი ("ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები") ამაში მონაწილეობას არ მიიღებს და დასძინა, რომ დარწმუნებულია, ლევან გაჩეჩილაძეც უარს იტყვის. ალასანიას სიტყვებით, ბურჯანაძემ იცის, რომ ხალხში ნაკლებად პოპულარულია და "უცნობი" ქუჩის აქციების მაღალი შედეგისთვის სჭირდება.
საელჩოს კომენტარში აღნიშნულია, რომ "უცნობი" კეთილგანწყობის მოპოვებას რადიკალიზმით ცდილობს და 6 მაისს, პოლიციის შენობასთან გამართულ შტურმს ხელმძღვანელობდა. ბურჯანაძის "უცნობით" დაინტერესება კი, მოვლენათა არაპოზიტიური კუთხით განვითარებისკენ მიანიშნებს.
"ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ბურჯანაძის წყნეთის აგარაკის სკანდალიც ერთ-ერთი მთავარი თემაა. როგორც "ვიკილიქსის" საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, ბურჯანაძე ადასტურებდა, რომ აგარაკის მისაღებად გადასახადები უნდა გადაეხადა. მან წარმოადგინა 2008 წლით დათარიღებული დოკუმენტები, სადაც ბურჯანაძის ქონება 2,769,325 ლარად არის შეფასებული.
ჯონ ტეფტის გაზვნილი 2009 წლის 8 სექტემბრით თარიღდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100