თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონას ახლობელი: შეყვარებულთან ეჭვიანობის ნიადაგზე ჩხუბობდა ხოლმე, თუმცა ურთიერთობა გამოასწორა

ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმეზე, თემქის პოლიციაში სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის მეგობარი გოგონა, თუმცა მას დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მომხდარის ვერსიებზე ისაუბრა მეგობარი გოგონას დედამ, რომელიც თემქის განყოფილებაში დაკითხვაზე მყოფ შვილს ელოდებოდა.

როგორც მან განაცხადა, გარდაცვლილს და მის შეყვარებულს ეჭვიანობის ნიადაგზე ადრე კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა „ურთიერთობა გამოასწორეს“.

ამასთან, ქალბატონის განმარტებით, მისი შვილი დაკითხვაზე დღეს თბილისში სამტრედიიდან ჩამოვიდა.

„მე ვიცი, რომ დილით, დაახლოებით 05:00 საათისთვის მოხდა შემთხვევა. ანას დას დაურეკავს საერთო დაქალთან, რომელიც ჩემს შვილს და ანას ჰყავს და უთქვამს, ანა სახლში არ არის და ვეძებთო... როგორც ვიცი, შეყვარებულთან ურთიერთობა გამოასწორა. დიდი ხანია ერთად არიან, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩხუბობდნენ ხოლმე. ეს გოგო იმდენად კარგი ოჯახის შვილია, გამორიცხულია ვინმე უცხოსთან ჩასულიყო ღამე. ერთადერთი, ვიცი, რომ უცხოს გამო ის ქვემოთ არ ჩავიდოდა. სახლიდან გაიპარა“, - განაცხადა ქალბატონმა.

კომენტარი