სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განუცხადა.

„ხანძრის ქრობას ძლიერი დაკვამლიანება ართულებდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე მაშველებმა და პოლიციის ყველა დანაყოფმა შევძელით უმოკლეს ხანში ხანძრის ჯერ ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. სამი მეხანძრე-მაშველი მოთავსებულია კლინიკაში, ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი საღამო ხანს, სპა სალონში გაჩნდა, რომელიც ბოლო სართულზე იყო. სასტუმროში ასევე იმყოფებოდნენ "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ახლა უსაფრთხოდ არიან და სხვა სასტუმროში გადაამისამართეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100