სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შამბას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი შამბას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

შამბამ ტვინის შერყევა და რამდენიმე მსუბუქი ტრამვა გუშინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევა გაგრის რაიონში მაშინ მოხდა, როდესაც შამბას კორტეჟი ბიჭვინთაში ამომრჩევლებთან შესახვედრად მიემგზავრებოდა.

ავარიული სიტუაცია შემხვედრმა ავტოტრანსპორტმა შექმნა, რის შემდეგაც შეჯახება მოხდა და ავტომანქანა, რომელშიც შამბა იმყოფებოდა, ამობრუნდა. ავტომანქანა, რომელიც ავარიის მიზეზი გახდა, შამბას მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ეკუთვნოდა.

სერგეი შამბა გაგრის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების გადაწყვეტილებით, დე ფაქტო პრემიერს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა და იგი მალევე სახლში გაწერეს. მას თითი ჰქონდა მოტეხილი და, წინასწარი ინფორმაციით, ტვინის შერყევაც მიიღო.

ავარიის გამო სერგეი შამბამ ვერ შესძლო მონაწილეობის მიღება "პრეზიდენტობის კანდიდატთა" ტელედებატებში სახელმწიფო ტელევიზიით, ხოლო მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ცნობილი გახდა, ტელედებატებში მონაწილეობაზე, შამბასადმი სოლიდარობის ნიშნად, სხვა კანდიდატებმაც უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100