სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აბასთუმანში ხანძარს მოხალისეებიც აქრობენ, პროცესში ბერებიც იღებენ მონაწილეობას

აბასთუმანში ხანძარს მოხალისეებიც აქრობენ. პროცესში მონაწილეობას ბერებიც იღებენ. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებული არ არის, თუმცა აბასთუმნის ტყეში ქარი ჩადგა და შესაძლოა, ხანძრის ლიკვიდაცია დღის ბოლომდე მოხერხდეს.

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.

რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100