"კიდევ ერთი დაბნეული ხმა ტელეფონში, კიდევ ერთი ატირებული დედა..." - ნახეთ, რას წერს მამა პეტრე ახალგაზრდებზე

მამა პეტრე სოციალურ ქსელში ახალგაზრდებზე ძალიან საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ: კიდევ ერთი დაბნეული ხმა ტელეფონში, კიდევ ერთი ატირებული, გაურკვეველი დედა...
ადრეც მითქვამს, ახლაც გავიმეორებ და მომავალშიც ვიტყვი, მონასტერი სულის სავანე და სულიერი ცხოვრების უმაღლესი მწვერვალია, რომლის ტვირთვა მხოლოდ რჩეულების ხვედრია... კუნკულ ბარტყულის და მანტიის ფრიალი არ არის ბერობის საზომი...
შეიძლება არც ასაკი იყოს გადამწტვეტი, რადგან ფიზიკურ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის ,,მოხუცებულობაი გონებისაი"- ხანდაზმული სიბრძნე. სიბრძნე კი შეიძლება ოცი წლის ასაკში მოგვეცეს და შეიძლება სამოცი წლის ასაკშიც ჩამოუყალიბებელი ვიყოთ... თუმცა, მცირე ასაკში უმძიმესი ტვირთის ტარება, კიდევ ვიმეორებ, გამონაკლისთა ხვედრია...
16 წლის მოზარდი, რომლის პიროვნული ფორმირება უამრავ გრადაციას გადის და თავადაც ვერ ჩამოუყალიბებია, საბოლოოდ ვინ არის, ან რა უნდა საერთოდ, მონასტრული ცხოვრების ინტერესი, შეიძლება სხვა დანარჩენ ინტერესებთან ერთად გაუჩნდეს და არ არის გასაკვირი, რომ მონასტრისკენ მიმავალ ბილიკსაც დაადგეს, ოღონდ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მეორე დღესვე მორჩილის კაბაში შევმოსოთ და თვის ბოლოს ბერად აღვკვეცოთ... აუცილებელია მორჩილების, გამოსაცდელი პერიოდი... მონასტერში ცხოვრება ცოდნაა, სარწმუნოების, რელიგიის, მონაზვნური ცხოვრების ცოდნა და არა, ცემენტის, გაჯის, ქვიშის მოზელვა...
ვიღაც გამოხტება და იტყვის, მონასტრული ცხოვრების მტერი არისო, ცილისწამების ცოდვაში არ ჩავარდეთ, ,,მტერი" ვარ იმ საბედისწერო ნაბიჯების, რომელსაც დაუფიქრებლად დგამენ...
სხვისგან თუ ვერ, ან არ სწავლობ ჭკუას, საკუთარმა გამოცდილებამ მაინც ხომ უნდა შეგაჩეროს... 16-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვების უმეტესობა მონაზვნური ცხოვრებით რომ იტანჯებიან, მერე გამორბიან და მომაკვდინებელ ცოდვებში იხრჩობიან...
ნურც იმას იტყვით, ცემენტის მოზელვით და მონასტრების მშენებლობით მორჩილებას გადიანო... სჯობს, რაც აშენებულია იმას მივხედოთ და სხვა მორჩილება მოვიფიქროთ... მაგალითად, წიგნის კითხვის მორჩილება... ილიას ,,განდეგილი" რომ ჰქონდეთ წაკითხული, კითხვა აუცილებლად გაუჩნდებოდათ, გამოქვაბულში ჩაკეტილი ბერი, საკუთარ თავს რატომ უწოდებს ,,უბედურს"....
მართლაც უბედურ დღეში ვართ... ეს არაფრის მომცემი ომია, სიზიფეს ლოდის თრევაა, რომელიც არასდროს გამოიღებს სასურველ შედეგს... ამ ტიპის ადამიანებს ხელს ვუწყობთ იმაში, რომ არც ერში დამკვიდრდნენ და ბერობასაც გაურბიან... სადღაც, სამუდამოდ იკარგებიან...
ვაშენებთ, ვაშენებთ, ვაშენებთ დაუსრულებლად, მაგრამ ვანგრევთ მოზარდების სულს...
ფაქტებისგან, ამ ეტაბზე თავს შევიკავებ...
P.S. ისე, გუშინ ოცი წლის ბერმა მითხრა, ჩემი ასაკის მორჩილი წამოვიდა მონასტრიდან, თავისუფლად სუნთქავსო... მან არჩევანი დაუტოვა თავს, მე რა უნდა ვქნა, რა მეშველებაო...
P.P.S. რ ა (გვ)ეშველება(თ)?!" - წერს სასულიერო პირი ფეისბუქში.

კომენტარი