აკა სინჯიკაშვილი: ატყდა დიდი ამბავი... დამადანაშაულეს...ცოცხალი თავით არ შევიძულებ ამ საქმეს რასაც ვაკეთებ!

აკა სინჯიკაშვილი დღეს დილით დადებულ პოსტზე ახსნა განმარტებას აკეთებს და ვიდეოსაც აქვეყნებს:

ესე იგი, დღეს დილას დადებულ პოსტზე, ატყდა დიდი ამბავი. დამადანაშაულეს რომ ასეთი ადამიანი საერთოდ არ არსებობს და მე ვარ აფერისტი )))) ვისაც არ დაეზარა მკვდარი და ცოცხალი ამომიტრიალა.
ქალბატონი ამბობს, რომ მისი შვილი, ლევან თეთვაძე მსახურობდა მეოთხე ბრიგადაში და დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში 2008 წელს ცხინვალში. ამბობს რომ აქვს შვილის ყველა დოკუმენტაცია დედოფლისწყაროში, საიდანაც არიან.
შვილთან და სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ნამდვილად ცხოვრობენ ძველ სარდაფში. მე ადამიანმა რაც მითხრა ის მოგიყევით. თუ ეს ამბავი ტყუილია და ასეთი ჯარისკაცი საერთოდ არ არსებულა, შეგიძლიათ მოსთხოვოთ პასუხი ამ ქალს და მის ოჯახის წევრებს. მე ქუჩაში ღამით ნაპოვნი სიცივისგან გალურჯებული მოხუცის და მისი მცირეწლოვანი შვილიშვილების დახმარება მინდა და დავეხმარები კიდეც.თითქმის ყველა ღამით, როცა ყინვაა, ქალაქს ვუვლით ქუჩა-ქუჩა რომ არავინ გაიყინოს.იტყუება თუ არა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ბავშვები მეცოდებიან და მინდა რომ ქუჩაში არ იყვნენ. ტყუილს თუ ამბობს მოსთხოვონ პასუხი, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ლამის ლუკმა-ლუკმა დამგლიჯეს დღეს სხვადასხვა უწყებიდან, ცრუინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ვიმეორებ: მე რაც გადმომცა ქალბატონმა, ის გადმოგეცით, ყველას ნათქვამის დეტალურად შემოწმების საშუალება კიდევ მე არ მაქვს. ხვალ სტუმრად უნდა მივიდე და ვისაც სურვილი აქვს გამომყვეს. ცოცხალი თავით არ შევიძულებ ამ საქმეს რასაც ვაკეთებ! არაფრის გამო!
ფოტოც და ვიდეოც დაიდო და იდება მასში მონაწილე ადამიანის თანხმობით.
#ჩვენთვითონმივხედოთერთმანეთს
#სიკეთეგადამდებია

კომენტარი