სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტად სამი კანდიდატი იყრის კენჭს

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტად სამი კანდიდატი იყრის კენჭს. როგორც სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება, კანდიდატები არიან მოქმედი დე-ფაქტო პრემიერი და ვიცე პრეზიდენტი სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი, ასევე ყოფილი დე-ფაქტო ვიცე პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
ანქვაბმა და ხაჯიმბამ დე-ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადები არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გუშინ შეიტანეს, შამბამ კი თანხმობა 16 ივლისს დააფიქსირა. ანქვაბთან ერთად დე-ფაქტო ვიცე პრეზიდენტის პოსტზე გულრიფშის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ ლოგუა, ხაჯიმბასთან ერთად ვლადისლავ არძინბას ქვრივი სვეტლანა ჯერგენია, ხოლო შამბასთან ერთად ახალგაზრდობისა და სპორტის დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შამილ აძინბა იყრის კენჭს.
დე-ფაქტო ცენტრალურ კომისიაში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ განაცხადების შეტანის ვადა 17 ივლისს ამოიწურა.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 26 აგვისტოსთვის დანიშნა. 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან სამი წელი სრულდება.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 62 წლის ასაკში მოსკოვში, 29 მაისს გარდაიცვალა. ბაღაფში ე.წ. პრეზიდენტად 2009 წლის დეკემბერში 5 წლიანი ვადით აირჩიეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100