შინაგან საქმეთა მინისტრისა და ჟურნალისტების შეხვედრა დასრულდა

შსს–ში დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან. დახურულ კარს მიღმა გამართულ დიალოგს, შს მინისტრისა და ჟურნალისტების გარდა შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და შს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრა–დიალოგი, დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად, სამ საათს გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ, კომენტარი მხოლოდ ჟურნალისტებმა გააკეთეს. მათი თქმით, მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულთა სასამართლო პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი არ დაიხურება, როცა საქმე სახელმწიფო საიდუმლოს შეეხება. საერთო ჯამში, როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის 95% ღია იქნება.

„რაც შეეხება ჩვენს მეორე მოთხოვნას – დაკავებულთა გათავისუფლებას თავდებით ან გირაოს სანაცვლოდ, ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიული უარი განაცხადა“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი, თამარ კორძაია.

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა, მიეცეთ უფლება ადვოკატებს, რათა მათ საზოგადოებას აცნობონ მიმდინარე საქმის გამოძიების დეტალები. ზვიად ქორიძის თქმით, ამ მოთხოვნაზე უარი მინისტრმა იმით დაასაბუთა, რომ საქმე „გრიფით საიდუმლო“ კატეგორიაშია გადაყვანილი და სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორების საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრს "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, საბჭოს წევრი და სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი თამარ კორძაია, მედია-ექსპერტი ნინო დანელია, ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, მედია-ექსპერტი და "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ია ანთაძე და გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში შეხვდნენ.

კომენტარი