ლიპის წყალსაცავიდან მოსახლეობას დატბორვა აღარ ემუქრება

გადაუღებელი წვიმის გამო თეთრიწყაროს რაიონში ლიპის წყალსაცავიდან წყლის გადმოსვლისა და მოსახლეობის დატბორვის საფრთხე შეიქმნა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა წუხელ, როცა წყალმა ერთ–ერთი დამბა გამოანგრია და ერთ–ერთი სოფლის დატბორვა დაიწყო. სასწრაფო მობილიზაციის შემდეგ ადგილზე გადაიგზავნა სამაშველოს სამსახურის ბრიგადები, რომლებმაც ერთ–ერთი სოფლის სრული ევაკუაცია ჩაატარეს.

სამწუხაროდ, შემთხვევას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ერთ–ერთი მანქანიდან ადიდებულმა წყალმა 67 წლის ქალბატონი გაიტაცა. ის, სავარაუდოდ, წყალმა ხევში გადაიყოლა, მაგრამ მაშველები ცხედრის ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ.

გვიან ღამით გატარებული ღონისძიებების შემდეგ კატასტროფის საშიშროება ჯერ შემცირდა, მერე კი საერთოდ აღმოიფხვრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მაშველებმა და სპეციალისტებმა ლიპის წყალსაცავიდან ხევის მიმართულებით ერთი არხი გაჭრეს და წყლის დონის დაწევა მოახდინეს. ამ დროისათვის ლიპის წყალსაცავზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარი