უკრაინა მოქალაქეებს აფხაზეთში თბილისთან შეთანხმების გარეშე ჩასვლას არ ურჩევს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ განიხილავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობას.

ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლეგ ვოლოშინმა განაცხადა. ამასთან, მან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციაც გააჟღერა, რომლის თანახმადაც საგარეო უწყება მოუწოდებს უკრაინელებს, არ ჩავიდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის თანხმობის გარეშე.

ვოლოშინის თქმით, უკრაინა მომხრეა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და მხარს უჭერს ოფიციალური თბილისის პოლიტიკას. „ამიტომაც მოვუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ და არ ჩავიდნენ ამ რეგიონებში, ქართული მხარის სპეციალური თანხმობის გარეშე“- განაცხადა მან.

მანვე გაახმიანა ინფორმაცია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისრტი კონსტანტინ გრიშჩენკო, 14-15 ივლისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გააქტიურებაა, რაც ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ, შედარებით პასიურ ფაზაში გადავიდა.

კომენტარი