აშშ-ის კონფრესი გადატვირთვის პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს

აშშ-ის კონგრესი "გადატვირთვის" პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს.

წარმომადგენლობითი პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, "რესპუბლიკელი" ილეანა როს-ლეხტინენის განცხადებით, “ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ერთ დათმობას მეორე მოჰყვება, როდესაც საქმე რუსეთთან "გადატვრითვას" ეხება".

"გაზეტა.რუს" ცნობით, აშშ-ის კონგრესში გაიმართა მოსმენა თემაზე “ხომ არ დადგა დრო, "გადატვირთვაში" პაუზა გავაკეთოთ და რუსული აგრესიის წინაშე აშშ-ის ინტერესები დავიცვათ?".

"გადატვირთვის" მნიშვნელოვანი მიღწევის მაგალითად ირანთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობას ასახელებენ. თუმცა დე ფაქტოდ რუსეთი თეირანთან ძველებურ პოლიტიკას აგრძელებს. არსებობს საკითხები, რომელშიც რუსეთი ამერიკული ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ასეთია, მაგალითად, ვენესუელასთან თანამშრომლობა ან საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა", - განაცხადა როს-ლეხტინენმა.

ამასთან, მისივე შეფასებით, "რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა".

"ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში თავის პოლიტიკას გადახედავს", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, დემოკრატმა კონგრესმენმა ჰოვარდ ბერმანმა როს-ლეხტინენის განცხადება გააპროტესტა და განაცხადა, რომ "2008 წელს ობამამ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა ბრძნულად აღიარა და ეჭვგარეშეა, რომ "გადატვირთვამ" ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუმჯობესა".

ექსპერტ არიელ კოენის შეფასებით, "უკვე ორი წელია, ობამას ადმინისტაცია ცდილობს, "გადატვირთვა" საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად წარმოაჩინოს".

"ამასთან, ობამა აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, თუმცა მედვედევი მხოლოდ პუტინის პროტეჟეა და მას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს", - განაცხადა კოენმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობაში "გადატვირთვამ" ობამას ადმინისტრაციის დროს მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოიტანა".

კომენტარი