სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალენ დელონის სახლში გამართულ წვეულებაზე 16 წლის გოგონა დაჭრეს

წვეულებაზე, რომელიც ცნობილი ფრანგი კინომსახიობის, ალენ დელონის სახლში ჩატარდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან 16 წლის გოგონა დაჭრეს, - ამის შესახებ შვეიცარიულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით Agence France-Presse იტყობინება.

ინციდენტი 1 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. გაზეთ La Tribune de Geneve ცნობით, გასროლა 30 ივნისს, საღამოს გაისმა კინოვარსკვლავის სახლში, რომელიც ჟენევაში, რიუ რობერ-დე-ტრასზე მდებარეობს. წვეულებას ალენ დელონის 17 წლის ვაჟიშვილი - ალენ-ფაბიენ დელონი და კიდევ 10 ახალგაზრდა ესწრებოდა. გაზეთის ცნობით, სახლში იარაღების კოლექცია ინახებოდა, ერთ-ერთ სტუმართაგან ბიჭს კი თვალიერების დროს კოლექციის შემადგენელი იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

ალენ დელონის ვაჟის ინტერესების დამცველის, ალეკ რაიმონდის განცხადებით, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შესახებაც დღეს, 2 ივლისს სასამართლოს დეტალურ ახსნა-განმარტებას ალენ-ფაბიენ დელონი თავად მისცემს.

ჟენევის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში მართლაც მიიყვანეს 16 წლის გოგონა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. თუმცა, პოლიციის წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ, მოხდა თუ არა ინციდენტი ალენ დელონის სახლში და არის თუ არა მასთან კავშირში ალენ დელონის ვაჟი.

„ფრანს პრესი“ ალენ დელონის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ „მსახიობი კომენტარს არ გააკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ ალენ დელონმა შვეიცარიის მოქალაქეობა 12 წლის წინ მიიღო და მას შემდეგ ჟენევაში ცხოვრობს.

წყაროს ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100