თეთრი სახლის პირდაპირ მდებარე სასტუმროს სახურავიდან ქალი გადმოვარდა

ქალმა, რომელიც ვაშინგტონში, თეთრი სახლის პირდაპირ მდებარე სასტუმროს სახურავიდან გადმოვარდა, სასიკვდილო დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ The Washington Post იუწყება.

თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა 29 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. ქალი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, «W» კატეგორიის სასტუმროს ფეშენებელურ ბარში ისვენებდა, რომელიც სასტუმროს თავზე მდებარეობს. ერთ მომენტში ქალი ბარიერს მიღმა აღმოჩნდა – სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცურდა. ამერიკელი ქალი, რომელმაც წონასწორობა ვეღარ დაიცვა, რამდენიმე წამის განმავლობაში სახურავის კიდეს ხელებით ჩამოეკიდა და უკან აბობღება სცადა, მაგრამ სხეულის სიმძიმეს ვერ სძლია და მეათე სართულიდან გადმოვარდა. მიწაზე დაცემის შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

რა იყო ქალის დაღუპვის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თვითმხილველთა თქმით, ბარში ყოფნის განმავლობაში იგი სპირტიან სასმელებს ეძალებოდა.

ვაშინგტონის სასტუმრო «W» ქალაქის ცენტრში, თეთრი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. გამოცემა წერს, რომ სწორედ ამ მდებარეობის გამო, ქალის სასიკვდილოდ დაშავების ფაქტმა ამერიკული სპეცსამსახურების აგენტების ყურადღება მიიპყრო. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბარი, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მცხოვრებლებში.

კომენტარი