საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მილიარდერის გულისამაჩუყებელი პოსტი დედაზე

კიევის ყოფილმა მერმა, ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვერსტკიმ, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობს და ქართულ პოლიტიკაში მოსვლასაც გეგმავს დედის დღეს საინტერესო ისტორია გაიხსენა.

მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი დედის ისტორია, რომელიც შეუძლებელია ემოციების გარეშე წაიკითხო. ჩერნოვერსტკის პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„მთელი ცხოვრება დედის იმედების გამართლებას ვცდილობდი

ცხოვრების უკანასკნელი 10 წელი დედამ საწოლზე მიჯაჭვულმა გაატარა. მე უკვე უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესი ბანკის მფლობელი ვიყავი, შემდეგ კი კიევის მერი, ყოველ შაბათ-კვირას მასთან მივდიოდი, საწოლთან ვჯდებოდი და წლების მანძილზე შეუცვლელ მის ისევ ისეთივე კეთილ, უმშვენიერეს ღიმილს ვუყურებდი … ყოველ უქმეებზე ჩვენ ერთმანეთს ვუღიმოდით…

დედამ თავის ცხოვრების შესახებ მხოლოდ 75 წლისამ მომიყვა… საოცარი ადამიანი იყო, ტრაგიკული ბედის მქონე…

დედაჩემი პრასკოვია გავრილოვნა 1914 წელს ნოვოსიბირსკის ოლქში დაიბადა, იგი ოჯახში მეთექვსმეტე შვილი იყო. 1926 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ციმბირში “განკულაკება” დაიწყო, იმ დროს თითქმის ყველა მომუშავე გლეხი „კულაკად“ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუას და ბებიას ოჯახში ერთი მსახურიც კი არ ჰყავდათ, ეს მათაც შეეხოთ... ბოლშევიკებმა 12 წელზე უფროსი ასაკის სოფლის მოსახლეობა შეკრიბეს და მდინარე ლენას მეორე ნაპირზე გადაიყვანეს - ყოველგვარი საკვების, წყლისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე… თითქმის ვერავინ გაუძლო გაუსაძლის პირობებს, მაგრამ ბებია და დედაჩემის რამოდენიმე და- ძმა გადარჩნენ.

დედა კი “განკულაკების” დროს მხოლოდ 11 წლის იყო, იგი სხვა დაობლებულ ბავშვებთან ერთად დაცარიებულ სოფელში სრულიად მარტო აღმოჩნდა.

13 თუ 14 წლის ასაკში დედა ოლქის პარტიულმა ჩინოვნიკმა მოიტაცა, ძალით მიიყვანა სახლში და თავისი ნების წინააღმდეგ იგი სრულიად უცხო ადამიანის ცოლი გახდა… მისგან 3 შვილი ეყოლა ( სამივე ადრეულ ასაკში დაიღუპნენ...). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მისი მეუღლე მოწინავე ნაწილში ბრძოლის დროს დაიღუპა. დედა მის მშობლებთან დარჩა და სოფელში დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა…

ჩემი აზრით დედა მამაცურად მოიქცა - 1949 წელს მან ხარკოვში იურიდიულზე ჩააბარა, სადაც 36 წლის ახლად დემობილიზებული ოფიცერი გაიცნო. ეს მამაჩემი გახლდათ - მიხეილ ილიას ძე ჩერნოვეცკი. ერთადერთი მამაკაცი, რომელიც დედას სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა…

სამწუხაროდ ისინი ჩემს დაბადებამდე დაშორდნენ… მე ეხლაც აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ შეძლო დედამ ომისშემდგომ წლებში, შიმშილის პერიოდში უმაღლესის წარჩინებით დამთავრება, იგი შესანიშნავი იურისტი იყო, სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა. ყოველთვის დაუღალავად შრომობდა, მე კი კეთილ მეზობლებს შორის გავიზარდე. არასდროს დავივიწყებ ამ ხალხს, მათზე ყოველთვის ვლოცულობ!

დედამ მე ცხოვრების გზა გამიკვალა… ცოცხალი რომ ყოფილიყო, ყველაფერს მივცემდი მის საწოლთან კიდევ ერთხელ დაჯდომისთვის და მისი ღიმილის სანახავად…

დედის დღეს გილოცავთ, მეგობრებო ! მოიკითხეთ, ესტუმრეთ დედებს, აჩუქეთ მათ ყვავილები, ღიმილი, თბილი სიტყვა, ყურადღება, დააფასეთ მათთან გატარებული ყოველი წამი!“ - ნათქვამია პოსტში, რომელსაც თან ახლავს ბიზნესმენის ბავშვობის ფოტო დედასთან ერთად.

კომენტარი