სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიკოთის გვირაბთან სტიქიისგან განადგურებულ გზაზე მოძრაობის ცალმხრივად აღდგენას ცდილობენ

რიკოთის უღელტეხილზე ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია სამი დაღუპულის ცხედარი. სურამისა და ჩუმათელეთისკენ დამატებითი სამაშველო ჯგუფებია გაგზავნილი. რიკოთის გვირაბთან ახლოს განადგურებულ საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ცალმხრივი მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.

უკვე დაინიშნა მთავრობის საგანგებო სხდომა, ხოლო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სამსახურების საგანგებო თათბირები ყოველ ორ საათში ერთხელ ტარდება. მაშველები გზის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფლებში მუშაობენ. არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

საავტომობილო გზაზე მუშაობას ხელს უშლის ის გარემოება, რომ მთის ფერდობიდან დიდი რაოდენობით წყალი ჩამოედინება. რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, იმ ადგილზე ხევი მდებარეობდა, სადაც მდინარე არ იოყო დაფიქსირებული, მაგრამ გაჩნდა. მისივე თქმით, მთაში გაგზავნილი არიან გეოლოგები, რომლებმაც სიტუაცია ადგილზე უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, სად მდებარეობს ჭარბი ნალექის კერა.

გუშინ, გვიან ღამით მოვარდნილმა ღვარცოფმა რიკოთის უღელტეხილზე რამდენიმე რესტორანი და მანქანა წაიღო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, ორი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაღუპულთაგან სამის ცხედარი უკვე ნაპოვნია.

სტიქიამ დააზარალა სურამი და მის ირგვლივ მდებარე სოფლებიც. სურამში დატბორილია სახლები და ნათესები, დახოცილია დიდი რაოდენობით საქონელი და შინაური ფრინველი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100