სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

facebook-ში პასუხგასაცემი კითხვები გიგი უგულავას

სოციალურ ქსელ Facebook-ში თბილისის მერს გიგი უგულავას გვერდზე მოქალაქები კითხვებს აქვეყნებენ. კითხვები ძირითადად სოციალურ პრობლემებს ეხება. მოქალაქეები წერენ, რომ დედაქალაქის მერის დანაპირების მიუხედავად, თბილისში უმუშევრობა ჯერ კიდევ უმთავრეს პრობლემად რჩება.
"თქვენი მთავარი დანაპირები იყო, რომ შექმნიდით სამუშაო ადგილებს და დაასაქმებდით თბილისელებს, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას", _ ქალაქის მერს კითხვას სტუდენტი გიორგი ძნელაძე უსვამს.
დასაქმებასთან ერთად სოციალური ქსელების მომხმარებლებისათვის აქტუალურია თბილისში ავტოსადგომების მოწესრიგების საკითხი.
"ბატონო გიგი, "სითი პარკის" პრობლემა აშკარად აქტუალურია და მართალია, ჯერჯერობით არჩევნები არ არის, მაგრამ თუ მოსახლეობის აზრს უფრო გაითვალისწინებთ და როგორმე დაარეგულირებთ ამ პრობლემას, მგონი უფრო მეტი ამომრჩეველი გეყოლებათ (არა მარტო მერობაზეა საუბარი)", _ წერს ინტერნეტ-მომხმარებელი გოგა სვანიძე.
მოქალაქეებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში წყლის გრაფიკის არსებობაც აწუხებთ.
"გავმეორდები! რაც წყლის გადასახადი გააძვირეთ, რატომ წყდება თემქაზე კვირაში 3 დღე წყალი და რატომ მოდის სულ ტალახიანი?", _ წერს ირმა გაჩეჩილაძე.
ერთ-ერთ ინტერნეტ-მომხმარებელს აინტერესებს პასუხი კითხვაზე, კომპანია "აუთდორჯი" ვის ეკუთვნის და ხომ არ თვლის მას თბილისის მერი მონოპოლისტად. "აუთდორჯი" თბილისის მასშტაბით სარეკლამო ბანერებს ათავსებს.
"არ მიგაჩნიათ სტრატეგიულ შეცდომად, როცა ქალაქის მერი საკუთარი ქალაქის ექიმებს არ ენდობა და მისი მეუღლე, რა თქმა უნდა, ხელფასიდან დანაზოგის შედეგად, საზღვარგარეთ მშობიარობს?"; "რა დაჯდა გმირთა მოედანზე მრგვალი ბურთის და რიყეზე რაღაცა საოცრება ატრაქციონის დემონტაჟი და რატომ გაქვთ ეს ინფორმაცია "სახელმწიფო საიდუმლოებაში" მოთავსებული?"; "თქვენი ძვირადღირებული მანქანა რომ გამოიტანეთ გასაყიდად, რა ბედია ეწია?? შედეგი რატომ აღარ დაპიარდა? ვინ იყიდა? ახლა რით დადიხართ სამსახურში? პირადი მანქანა არც თქვენ და არც თქვენს მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არ უნდა გქონდეთ!"; "თქვენი არჩევნების შემდეგ, რატომ შეწყდა თითქმის ყველა სოციალური პროგრამა მერიაში წლის ბოლომდე?", - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.
კითხვებთან ერთად მოქალაქეები ქალაქის მერს მადლობას უხდიან გაწეული სამსახურისთვის.
გიგი უგულავა თბილისელების კითხვებს საათნახევრის განმავლობაში, 20:30 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100