ბათუმში დღეს აშშ-ის საზღვაო ძალების გემი "ანზიო" შემოვა

ბათუმის პორტში დღეს აშშ-ის საზღვაო ძალების გემი "ანზიო" შემოვა. საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი გემის შემოსვლას მიესალმება .

საელჩოს ინფორმაციით, "ანზიო" მოქმედებს შავი ზღვის არეალში რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ერთობლივი საზვაო წვრთების ჩატარების მიზნით. გემის ოფიცრები შეხვდებიან ქართველ ოფიციალურ პირებს ბათუმში, ხოლო ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჩაატარებენ წვრთნებს გემის დაზიანების აღმოფხვრაში, ასევე, ძრავისა და ელექტრომოწყობილობების სარემონტო სამუშაოებში.

აშშ-ის საზღვაო ძალების გემს სარდლობს აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი ჯონ დორი. "ანზიო" არის ტიკონდეროგას კლასის მართვადი რაკეტებითა და საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კრეისერი. გემს სახელი მიენიჭა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 22 იანვარს, იტალიის ქალაქ ანზიოს სანაპიროზე საზღვაო დესანტის მიერ პლაცდარმის მოპოვების პატივსაცემად. 173 მეტრის სიგრძის გემზე 31 ოფიცერი და 305 რიგითი შემადგენლობის მოსამსახურე მსახურობს.

გემი ბათუმის საზღვაო აკვატორიაში 9-12 ივნისამდე პერიოდში დარჩება.

კომენტარი