სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე ანდრეი ილარიონოვს "სააკაშვილის მიერ ნაყიდ" ექსპერტად მიიჩნევს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აშშ-ის კეიტოს ინსტიტუტის წამყვან ანალიტიკოსს, ვლადიმერ პუტინის ყოფილ მრჩეველ ანდრეი ილარიონოვს "სააკაშვილის მიერ ნაყიდ" ექსპერტად მიიჩნევს.

"მიხეილ სააკაშვილი ანდრეი ილარიონოვს ხელფასს უხდის. მინდა, ვკითხო გაყიდულ ილარიონოვს, როცა ამბობს, რომ "უკვირს, როგორ აშუქებს მიმდინარე მოვლენებს რუსული პრესა", რატომ არ ებადება მსგავსი შეგრძნება მაშინ, როდესაც იგივე რუსული მასმედია ვანო მერაბიშვილსა და ქართული პოლიციის სისტემაში გატარებულ რეფორმებს აპიარებს?!" - განუცხადა "პირWელს" ბურჯანაძემ.

შეერთებული შტატების კეიტოს ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსი, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი კი 26 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს "ძალადობრივ პროვოკაციას და ინსცენირებას" უწოდებს.

"რასაც 21-დან 25 მაისის ჩათვლით ვუყურებდი, უფრო ინსცენირებას ჰგავდა, ვიდრე მოვლენებისადმი ადამიანების რეალურ დამოკიდებულებას. არავინ დავობს იმაზე, რომ ხალხს დემონსტრაციის საშუალებით გულწრფელი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ ჯოხების და ძალის გამოყენების ფაქტები შემაშფოთებელია. გამოდის, რომ ასეთი აქციის ორგანიზატორის მიზანი სიტუაციის პროვოცირებაა, რაც მძიმე შედეგებს იწვევს და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. გამოვიდა, რომ საბოლოო მიზანი არა აზრის გამოხატვა, არამედ მსხვერპლამდე მისვლა იყო",- განაცხადა ილარიონოვმა.

მისივე თქმით, "რუსული საინფორმაციო საშუალებები თბილისში მიმდინარე მოვლენებს არანორმალურ ყურადღებას უთმობდნენ, მათი ძირითადი გზავნილი კი 2008 წლის აგვისტოში დაუსრულებელი საქმის ბოლომდე მიყვანა იყო".

"ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ აქციების ორგანიზატორთა ქმედებები მთლიანად შეთანხმებული იყო რუსეთის ხელისუფლებასთან, იდეა კი არსებული ხელისუფლების შეცვლაში მდგომარეობდა",- აღნიშნა ექსპერტმა.

ცნობისთვის, პუტინის ყოფილი მრჩეველი "თავისუფალ უნივერსიტეტში" სემინარს დაესწრო, რომელზეც ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100