სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალის რეგიონში პასპორტიზაცია იწყება

დღეიდან, 17 მაისიდან, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. პასპორტიზაცია იწყება. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ რამდენიმე დღის წინ თავისი ე.წ. მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითმა ე.წ. მთავრობას დაავალა ყველა ნორმატიული აქტი მოწესრიგდეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა, თავდაპირველად სკოლადამთავრებულებიდან დაიწყოს, რომლებიც სკოლას 2011 წლის 17 მაისს ამთავრებენ.

"პასპორტები სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის სრული შესაბამისობით უნდა გაიცეს და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", _ განაცხადა კოკოითიმ და აღნიშნა, რომ "ამის პარალელურად ადრე გაცემული პასპორტების ამოღება დაიწყება".

თათბირზე აღინიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ჩასულია ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების პირველი პარტია და მიმდინარე თვის განმავლობაში დამატებით რაოდენობასაც ჩაიტანენ. ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პასპრტიზაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა რაიონში ერთდროულად ჩატარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100