საქართველოში საწვავი შესაძლოა 14 დღეში გაიაფდეს

რადიო „კომერსანტი“, 95,5

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ნავთობზე ფასების კლების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ქართულ ბაზარზე საწვავის გაიაფებას 14 დღიან პერიოდში პროგნოზირებს. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით გაურკვეველია, როგორი ვითარება იქნება ბირჟებზე მომდევნო დღეებში. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდეს ან თუნდაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. მთვრალაშვილის თქმითვე, ქართული კომპანიები ნავთობპროდუქტების შეძენას ახდენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორი ფასები ექნება ბენზინსა და დიზელს. მისივე განმარტებით, ნავთობპროდუქტების ფასებზე დაფიქსირებული ციფრები განსაზღვრავს საწვავი რამდენ თეთრიანი ნიშნულით შემცირდება საქართველოში.

ერთ–ერთ უმსხვილეს იმპორტიორ „ვისოლშიც“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტენდენციებს ყოველდღიურად აკვირდებიან. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, თუ კლება გაგრძელდა, ახალი პარტიის შეძენის შემდეგ საწვავიც გაიაფდება. რამდენი თეთრით მოხდება გაიაფება, სოსო ფხაკაძის განმარტებით, ესეც საერთაშორისო ფასზეა მიბმული. თუმცა, სავარაუდოდ კლება ისეთი იქნება, როგორც გაძვირება იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ვაჭრობაზე Brent–ის მარკის ნავთობის ოფიციალური ფასი ბარელზე 10,39 დოლარით შემცირდა და 110,8 დოლარი შეადგინა.

WTI–ს ღირებულება კი 9,44 დოლარით დაეცა და ბარელზე 99,8 დოლარს მიაღწია.

ნავთობის მკვეთრ გაიაფებას ანალიტიკოსები აშშ–ში არსებულ სუსტ მოთხოვნას უკავშირებენ. ამასთან, ფასების ვარდნის პროვოცირება დოლარის გამყარებამ და შტატებში დაფიქსირებულმა მაღალმა უმუშევრობამ მოახდინა.

ბოლოს ნავთობზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა ერთ დღის განმავლობაში 2008 წელს მოხდა.

კომენტარი