ბურჯანაძის "ბელა ჩაო"

„ბელა ჩაო“ – იტალიელი მოხალისის სიმღერაა, რომელიც პარტიზანობას აპირებს და რაზმთან ერთად წასვლამდე საყვარელ, ლამაზ ქალს ემშვიდობება. სიომღერა განსაკუთრებით პოპულარული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს – ანტიფაშისტური მოძრაობის ლამის ოფიციალურ ჰიმნადაც კი ითვლებოდა.

პარტიზანის დამშვიდობებამ საყვარელ ქალთან, სიმღერის ტემპმა და მელოდიურობამ მისი პოპულარობა მეტწილად განაპირობა და, სხვათა შორის, არამარტო იტალიაში. ავტორი უცნობია, მელოდია კი ძველი იტალიური, ხალხური სიმღერიდანაა აღებული. სიმღერის პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც იგი გამოიყენეს იუგოსლავური ფილმის „ხიდის“ საუნდტრეკად.

ქართული ოპოზიციის ჰიმნად ქცევამდე „ბელა ჩაო“ ირანის საპროტესტო გამოსვლების საუნდტრეკად იქცა. სოციალურ ქსელში ბევრგან შეხვდებით ქართულ რეალობას მორგებულ მონტაჟს „ბელა ჩაოს“ აკომპანიმენტით. კლიპები, ძირითადად, 2007 წლის 7 ნოემბრის ფოტოების სლაიდს წარმოადგენს. ყველა მათგანი ირანის გამოსვლების შემდეგ დამზადებული და ატვირთული იმ კლიპის უნიჭო პაროდიაა, რომელსაც დღეს „დრონი.ჯი“ გთავაზობთ.

„ბელა ჩაო“ ქართული ოპოზიციის „ჰიმნად“ ნინო ბურჯანაძის სურვილით იქცა. პირველ დღეს, მიტინგზე, ქალბატონმა ნინომ, სხვა მომიტინგეებთან ერთად ამ სიმღერის ფონზე იცეკვა კიდეც.

სიმღერის ტექსტის ქართული თარგმანი სიტყვასიტყვით ასე გამოიყურება:

მშვიდობით, ძვირფასო, ნუ იდარდებ, ო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო! მე გამთენიისას წავალ გარიბალდის პარტიზანულ რაზმთან ერთად. რაზმს მშობლიური მთები შეიფარებენ, ო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო! მშვიდობით, ძვირფასო, მალე ვერ დავბრუნდები – პარტიზანის ხვედრი მძიმეა. ფაშისტებს მთებში ჩასაფრება ელოდებათ, ო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო! იქ იბრძოლებენ ჩემს გვერდით ჩემი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან. გაგვიჭირდება, ეს ზუსტად ვიცი – ო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო!


კომენტარი