ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა და უმუშევრად დარჩენილი ექიმები

მარინა დარჩია უკვე ათი თვეა რაც აღარ მუშაობს. 32 წლიანი სამუშაო სტაჟის და ექიმთა სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიუხედავად უმუშევარი დარჩა. 2010 წლის ივნისის ერთ დღეს, როდესაც სამსახურში – მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში გამოცხადდა, ფაქტის წინაშე დააყენეს, გამოუცხადეს, რომ საავადმყოფოში აღარ მუშაობდა.

ჩვენი სიუჟეტის გმირი ერთადერთი გამონაკლისი არ არის, მეხუთე კლინიკური საავადმყოფოდან 80 ადამიანი გაათავისუფლეს, კლინიკის პერსონალი დღემდე ამაოდ ცდილობს გაარკვიოს, თუ რა გახდა, მათი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე რეფორმის შედეგად დედაქალაქში ათასობით ექიმი უმუშევარი დარჩა, რეფორმის შედეგად თანამშრომელთა მასიურ გათავისუფლებას გაუმართლებლად მიიჩნევს მედიცინის პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ჯონი ჯანაშია.

ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე რეფორმის შედეგად, პრივატიზებული საავადმყოფოებიდან მედიცინის მუშაკთა მასიური გათავისუფლების საკითხს დღეს მწვავე დებატები მოყვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გათავისუფლებულ მედიცინის მუშაკთა პრობლემა მათ პროფესიონალიზმშია. „ქრისტიან–დემოკარტი“ დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ამ პროცესში არ ითვალისწინებს არც ექიმთა და არც პაციენტთა ინტერესებს, რის შედეგადაც მედიცინის მუშაკები მასიურად უმუშევარნი დარჩნენ.

მედიცინის მუშაკთა მასობრივი უმუშევრობის ფონზე ჰოსპიტალურ სექტორში რეფორმა კვლავაც წარმატებით მიმდინარეობს, ცნობილი ხდება, რომ დღის წევრიგში უკვე დადგა იაშვილის სახელობის კლინიკისა და თემქაზე მდებარე ბავშვთა მესამე საავადმყოფოს შენობების პრივატიზების საკითხიც.


კომენტარი