პარიზული მუქარის თბილისური პასუხი

მორიგი მუქარა პარიზიდან, მუქარის ავტორი ისევ და ისევ თავდაცვის ექს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია.

ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გამოჩენილი ოქრუაშვილი, გუშინ უფრო მრავალფეროვანი იყო და არც მუქარის ადრესატების რაოდენობის სიმცირეს უჩიოდა. თუ აქამდე ქართული პარტიის ლიდერი მუშტს მხოლოდ იმ ადამიანებს უღერებდა, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მის გვერდით არ დადგებოდნენ, ამჯერად ის მოკავშირე სუპერსახელმწიფოსაც„გადასწვდა“. „შეერთებული შტატების ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერით საქართველოში დემოკრატიას ასამარებს“ - აღნიშნული ბრალდების შემდეგ, ოქრუაშვილმა სამომავლო გეგმებიც გაახმოვანა და 16 მაისს მხარდამჭერები დიღომში, ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დაიბარა.

ოქრუაშვილის განცხადებს თბილისში მკვეთრი რეაქციები მოჰყვა, თანაგუნდელის დაცვა კი თავის თავზე ეროსი კიწმარიშვილმა აიღო და ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რას უწუნებს ქართული პარტია და ირაკლი ოქრუაშვილი შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში და რას უნდა ველოდოთ მათი პარტიისგან იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მათთან დათმობაზე არ წავა.

„რუსეთის მიერ შეკვეთილი“ „აგრესიული“- ოპოზიციური პარტიების ლიდერები თავდაცვის ექს-მინისტრის განცხადების საპასუხოდ კრიტიკულ ფრაზებში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის ქართული პარტიის შეერთებული შტატების პოლიტიკის წინააღმდეგ გალაშქრება სიურპრიზი არ ყოფილა.

ირაკლი ოქრუაშვილის გუშინწინდელი განცხადება იმ იშვიათ გამონაკლისად იქცა, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თანაბრად გააღიზიანა – მუქარა სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობის დაშვებაზე, ორივე მხარისთვის ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა.

კიდევ რა სურპრიზებს უნდა ველოდოთ ქართული პარტიისა და მისი პარიზელი მეთაურისგან, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი კი ფაქტია, რომ შეერთებული შტატების საელჩოსთვის, მათ მიერ გაკეთებული განცახდებები, იმდენად მნიშვნალოვანი არ აღმოჩნდა, რომ ამას საელჩოს მუშაობაზე მოეხდინა რაიმე გავლენა და ისინი, 16 მაისსაც ჩვეული რეჟიმით იმუშავებენ.


კომენტარი