ჩამორთმეული ექსკლუზივი და "დაშლა–არმოშლის" სადღეგრძელო კახურად

ნათქვამია, ყველაფერი დასწრებაზეაო და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ქართულმა პარტიამ ამჯერადაც დაასწრო. გაჩეჩილაძე, კიწმარიშვილი სუბარის ტანდემმა ჯერ ბურჯანაძის გეგმები მოისმინა შემდეგ კი საკუთარი სტრატეგია გაასაჯაროვა. 21 მაისის აქციების დაანონსებიდან რამდენიმე დღეში 9 მაისი დაიგეგმა. პირველი მცირერიცხოვანი აქცია, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კახეთის რეგიონში გამართა.

ორი არშემდგარი რევოლუცია და ორი დაპირისპირებული პოლიტიკური გუნდი ხელისუფლების შეცვლის თითქმის იდენტური გეგმით. ქართული პარტია, დანაპირების რამდენჯერმე შეუსრულებლობის ფონზე, ხელისუფლების შეცვლას ამჯერად კახელებს დაპირდა. სოზარ სუბარმა კახელები უახლოეს დღეებში ხელისუფლების შესაცვლელად თბილისში დაპატიჟა.

ქართული პარტიის მიერ დაწყებულ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა კახელებს ლევან გაჩეჩილაძემაც. შიშის გვერდზე გადადება ურჩია და აღებული პოლიტიკური პასუხიხმგებლობის შესრულებაში დახმარებაც სთხოვა.

უხვი მოწოდების მიუხედავად „ქართული პარტიის“ აქციას არცერთი პოლიტიკური ძალა არ შეუერთდა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ , რომ `ქართული პარტიიდან“ მისი გენერალური მდივანი კოკა გუნცაძე გარიცხეს.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ თავად პარტიის წევრები. თუმცა გუნცაძე `ქართული პარტიის` ლიდერებთან ერთად არც გამარჯვების პარკში გამოჩენილა და არც კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ბეჭდვითი მედიასაშუალებების თანახმად, გენერალური მდივანი პარტიიდან ირაკლი ოქრუაშვილმა სოზარ სუბარის მოთხოვნით გარიცხა. კოკა გუნცაძის პარტიიდან დათხოვნის მიზეზად კი პრესა პარტიაში წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.

ერთი მიზნისთვის შეკრებილ –გაერთიანებული ოპოზიცია მარტივ მამრავლებად დაიშალა, შემდეგ შიდა პარტიული რღვევაც დაიწყო. შეძლებს თუ არა ქართული პარტია შიდა ოპოზიციური დაპირისპირების ფონზე ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულებას რთული სათქმელია. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქართული პარტიაც და მისი პარიზელი ლიდერიც საბოლოოდ ისევ დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს დალევენ, თანაც, ჯიგრულად.

იხილეთ სიუჟეტი http://www.itv.ge/?m=16&CID=15735

კომენტარი