სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ალია" ე.წ. კანონიერი ქურდების სასიკვდილო მუქარის ტირაჟირებას ახდენს

"მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, ვინც ქვეყნიდან გაიქცა, ვინც გასაქცევად ემზადება და ვინც დარჩა, კანონიერმა ქურდებმა (გაზეთში ეს "სტატუსი" ბრჭყალების გარეშეა დაბეჭდილი, - ლ.ბ.) სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს", - ამის შესახებ გაზეთი "ალია" 11-15 ოქტომბრის ნომერში, მესამე გვერდზე იტყობინება სტატიაში: "უკაცრავად, თქვენ გელით სიკვდილი!".

ამ ხმაურიანი განცხადების წყარო გახდა სატელეფონო ზარი სტატიის ავტორთან გელა ზედელაშვ ილთან. სტატიის მიხედვით, ზარი 10 ოქტომბერს, 12 საათზე გაისმა, დაფარული ნომრიდან: "მე თქვენთვის უცხო ადამიანი ვარ, გეუბნებით იმას, რისი გადმოცემაც დამავალეს", - თქვა უცნობმა მას შემდეგ, რაც დააზუსტა, რომ ნამდვილად გელა ზედელაშვილს ელაპარაკებოდა. ამის შემდეგ მან მუქარა ჩამოაყალიბა და ტელეფონი გათიშა, მიუხედავად გელა ზედელაშვილის თხოვნისა, არ გაეთიშა.

სტატიის ავტორის აზრით, ხმის მიხედვით, მამაკაცი 60 წლამდე უნდა იყოს. ის წერს: "სად სად და კანონიერ ქურდებს (აქაც ბრჭყალების გარეშეა, - ლ.ბ.) მათი მოძებნა ყველაზე მეტად უცხოეთის ქვეყნებში ხელეწიფებათ. ჩემი აზრით, ისინი უფრო დაცულები იქნებოდნენ გლდანის საპყრობილეში".

ხოლო ოდნავ ქვემოთ ამატებს:

"ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს გაქცევაზე, ვაფრთხილებ: თუ არ მიხვალთ საკუთარი ფეხით ციხის კარამდე, აუცილებლად გელით სიკვდილი!".

სტატიის ავტორს მუქარის ადრესატთა გადარჩენაზეც უფიქრია. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ თვითონაც მათ რიცხვში შედის, ვისაც სისხლის გუბეების დაყენება არც აქ და არც საზღვარგარეთ არ უნდა და მიაჩნია, რომ: "ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი, ანუ მიტაცებულის დაბრუნება, მონანიება და ეკლესიის გზაზე დაბრუნება. მართალია, ადამიანის მოკვდინება, ადამიანის წამება და უკანალში ცოცხისა თუ "დუბინკის" გაკეთება მიუტევებელი დანაშაულია, მაგრამ მონანიების შემთხვევაში უფალი ყველას ყველაფერს პატიობს".

"გინდათ ხორციელი გადარჩენა? წადით ციხეში, ოღონდ ეკლესიის გავლით!" - ასე მთავრდება სტატია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100