„შალიკო-2“, ანუ ლეიბორისტი გუგავა პარტიის ლიდერის გამო ხბოს აღფრთოვანებაშია“

ცესკომ დედაქალაქის მერის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გიგი უგულავამ ამომრჩეველთა ხმების 55,2 პროცენტი მიიღო. აღნიშნული შედეგი „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გააპროტესტა. მათი თქმით, გიგი უგულავას გამარჯვება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების დამსახურებაა, რადგან ისინი ხელისუფლებასთან იყვნენ შეკრული და მის თამაშს თამაშობდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „დრონი.ჯი“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ წევრს, გიორგი გუგავას ესაუბრა.
გიორგი გუგავა: „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ფალსიფიცირებული“ არჩევნების შედეგები დაამტკიცა, რომელიც არჩევნებში მონაწილე არც ერთმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ცესკოში არ გააპროტესტა. საჩივარი და პროტესტი მხოლოდ ჩვენი წარმომადგენლის მიერ დაიწერა, სხვები კი დუმან. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არჩევნებად წოდებულ სპექტაკლში წინასწარ შეთანხმებული როლებით მონაწილეობდნენ ოპოზიციად წოდებული ძალები და ემსახურებოდნენ მიხეილ სააკაშვილისა და მისი კრიმინალური რეჟიმის ლეგიტიმაციას.
– ამ ოპოზიციად წოდებულ ძალებში ყველა იმ პარტიას გულისხმობთ, რომლებიც მერის არჩევნებში მონაწილეობდნენ? – რა თქმა უნდა. ეს ხალხი ხელისუფლებას გამარჯვებას ულოცავს და გაყალბებაზე ერთი სიტყვაც არ დაცდენიათ. კიდევ არის დრო, რომ ამ პარტიებმა არჩევნების შედეგები გაასაჩივრონ. დადგენილია სასამართლო ინსტანცია, მაგრამ ჩვენ ვერ ვასაჩივრებთ, რადგან არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულობდით, მათ კი თავისუფლად შეუძლიათ შედეგების გასაჩივრება. – ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნების გაყალბების დამამტკიცებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ.
– ამ პარტიებს მასობრივი გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს მე მივცემ და სასამართლოში შეიტანონ. თუ ქართულ სასამართლოში ვერ მიაღწევენ სამართალს, ევროპაში გაასაჩივრონ და მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატი კი არა, არჩევნების მასობრივი გამყალბებელია. როგორ გგონიათ, ჩვენ ისეთივე დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებთ, როგორც ეს ტარდება ამერიკაში, ინგლისსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში? რა თქმა უნდა, არა. – თუმცა იგივე ევროპელმა და სხვა უცხოელმა დამკვირვებლებმა მერის არჩევნები დადებითად შეაფასეს.
– ევროპელი დამკვირვებლებისთვის არჩევნები გაუყალბებლად ჩატარდა, რადგან არც ყოფილან არჩევნებზე. ისინი „მარიოტისა“ და სხვა ფეშენებელური სასტუმროს ნომერში „გორაობდნენ“, რესტორნებში დადიოდნენ და არჩევნებს იქიდან აკვირდებოდნენ. ვეთანხმები მათ დასკვნას, რადგან რესტორნიდან არჩევნების შედეგები ნამდვილად დადებითად და გაუყალბებლად ჩანს. თუ ამას იმ მწვანე დოლარებსაც დავუმატებთ, რომლებსაც ისინი ამ დასკვნებში იღებენ, არჩევნები მაშინ მთლად გაუყალბებელი ჩანს.
– არჩევნების დასრულებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, „ალიანსი საქართველოსთვის“ დაიშალა. თქვენი აზრით, რა გახდა „ალიანსის“ დაშლის მიზეზი? – ეს არც პირველი და არც უკანასკნელი დაშლა-არმოშლაა ჩვენი ქვეყნის უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში. როდესაც იდეის გარეშე ყალიბდება ალიანსები და გაერთიანებები, როდესაც ასეთი გაერთიანებების მთავარი მიზანია ხელისუფლების თამაში, მოსახლეობის გაბრიყვება და გადაგდება, ბუნებრივია, როცა ისინი ამ როლს ამოწურავენ, იშლებიან.
– „ალიანსის“ დაშლის ერთ-ერთ მიზეზად „რესპუბლიკელებსა“ და ალასანიას შორის უთანხმოება სახელდება.
– მიზეზი ათასნაირი არსებობს. უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ისინი სააკაშვილის დაკვეთას ემსახურებოდნენ და ხელისუფლების დავალებით ოპოზიციონერობას თამაშობდნენ. ასეთი „ვაიოპოზიციური“ ძალები ხუხულასავით იშლება. დღეს მთავარი ამოცანაა დავეყრდნოთ იმ პოლიტიკურ ძალას და იმ ლიდერს, რომელიც ამ წლების მანძილზე იყო პრინციპული, შეუვალი, სიმართლისათვის მებრძოლი და დევნილი.
– რთული გამოსაცნობი არ არის, რომ ამ ძალაში ლეიბორისტულ პარტიასა და შალვა ნათელაშვილს გულისხმობთ.
– დიახ, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს ემსახურება, არის ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი. სანამ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას არ გაიაზრებს, მანამდე არაფერი გვეშველება და ზემოთ ნახსენები ყალბი გაერთიანებების მსხვერპლნი აღმოვჩნდებით.

კომენტარი