სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასავლური პრესის მიმოხილვა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პუტლანდიაში!.."

დასავლური პრესა რუსეთის ამჟამნდელ პრემიერ–მინისტრს „მუდმივ ვლადიმირს“ უწოდებს. საპრეზიდენტო სავარძელში მისი დაბრუნების შესახებ ცნობა ყველა მსხვილი გამოცემის პირველ გვერდებზე მოხვდა.

„ყრილობაზე მედვედევი საწყლად გამოიყურებოდა და არც კი აუხსნია, რატომ არ აპირებს კენჭისყრას 46 წლის მოქმედი ჩინოვნიკი, რომელიც ჯანმრთელია და სკანდალებში გარეული არ არის“, – წერს The Times სტატიაში „ვლადიმირი ბრუნდება“ და დასძენს, რომ პუტინს შეუძლია, ხელისუფლება 2024 წლამდე შეინარჩუნოს, როცა ის 70 წლის გახდება.

„სხვას არაფერს შეეძლო ასე აშკარად ეღაღადა რუსეთში დემოკრატიის წარუმატებლობაზე. პუტინიზმი ახალი სტალინიზმია“, – წერს გაზეთი.

„პუტინმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურა რამდენიმე წლის წინ იყო შეთანხმებული. ამით მან ხაზი გაუსვა საკუთარ ცინიზმსა და დემოკრატიის უგულებელყოფის სურვილს. მასთან შედარებით სილვიო ბერლუსკონი ნამდვილ უცოდველ კრავად გამოიყურება. მისი ეს განცხადება ცხადყოფს, რომ ბოლო ოთხი წელი მხოლოდ სპექტაკლი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს გაბითურებას და რომელმაც ფარსად აქცია „გადატვირთვა“, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა სულაც არ არის პუტინის მხრიდან ხელისუფლების მონოპოლიზაციის წინააღმდეგი, მაგრამ „უცხოელ ინვესტორებს უფრო ნათელი და ხელშესახები გარანტიები დასჭირდებათ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ხელახლა არ მოატყუებენ“.

„რუსული კორუფციონიზმი“ – ასეთი სათაური შეურჩია სარედაქციო სტატიას Washington Post–მა. „პუტინმა დაასკვნა, რომ ხელახლა უნდა პრეზიდენტობა და გახდება კიდეც“, – წერს გაზეთი და ამატებს, რომ სწორედ ასეა მოწყობილი თანამედროვე რუსეთი. „ეს სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა მედვედევისთვის, რომელსაც მეორე კაცის როლი უფრო უხდება, ვიდრე პირველის. მაგრამ ეს ცუდი ამბავია ობამასთვის, რომელმაც ბევრი რამ ჩადო მედვედევთან ურთიერთობაში, იმედოვნებდა რა, რომ მისგან ლიდერი ჩამოყალიბდებოდა. ამავე დროს, ეს ცუდი ამბავია საქართველოსთვის და უკრაინისთვის და ყველაზე ცუდი ამბავია თვითონ რუსი ხალხისთვის, რომელსაც მოუწევს კორუფციასთან და უძრაობის ხანასთან შეგუება პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, თუკი პუტინი, ისევე, როგორც სტალინი, აპირებს სიცოცხლის ბოლო დღემდე მართოს ქვეყანა“, – წერს გაზეთი დასძენს: „პუტინმა ბევრ სფეროში ააღორძინა საბჭოთა სისტემა, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის: საბჭოთა ჩინოვნიკებს არ ჰქონდათ საბანკო ანგარიშები შვეიცარიაში, სასახლეები ლონდონში და ვილა რივიერაზე“.

„მუდმივი ვლადიმირი“, – ასე ჰქვია სტატიას Wall Street Journal–ში: „კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოცნებები რუსეთის დემოკრატიაზე საპნის ბუშტივით გასკდა. გაქრა იმედიც, რომ მედვედევი – პოტენციური რეფორმატორია. აშშ–ის კურსი და „გადატვირთვის პოლიტიკა“ მოწოდებული იყო მედვედევის პოზიციების გამყარებისკენ, მაგრამ ვერანაირი როლი ვერ შეასრულა რუსეთის შემობრუნებაში დემოკრატიულობისკენ“. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეფორმების კუთხით პუტინმა ალტერნატიული სახელისუფლო ცენტრების არსებობა უნდა დაუშვას, მაგრამ „ასეთი ნაბიჯების გადადგმა მეფეებს არ ახასიათებთ“.

ბრიტანულმა Independent–მა სათაურად მეფე არტურზე დაწერილი ცნობილი რომანის სახელწოდების პერიფრაზი აირჩია და სტატიას ასე დაარქვა: „წარსულისა და მომავლის პრეზიდენტი“. – „რაც უფრო ცდილობს რუსეთის საზოგადოება დემოკრატიის იმიტირებას, მით უფრო აჩენს, რომ იქ ყველაფერი ძველებურადაა“, – წერს გამოცემა და ასკვნის: „რუსებმა ბოლო ათწლეულში იმდენი რამე გადაიტანეს, რომ ცოტათი უფრო მეტს იმსახურებენ, ვიდრე წარსულის გამეორებაა“.

Financial Times სტატიას ასე ასათაურებს: „პუტინი ხმას აძლევს პუტინის დაბრუნებას“, ქვესათაურად კი აწერს: რუსეთის დემოკრატიისკენ შემობრუნების ყველა იმედი ამით სრულდება. „შესაძლებელია, პუტინმა მართლაც დაიწყოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ ამისთვის მას მოუწევს იმ სისტემის დანგრევა, რომელსაც რუდუნებით აშენებდა წინა პრეზიდენტობის დროს“,– აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ პუტინის დაბრუნება გაამწვავებს დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთთან. „მაგრამ თუკი პუტინი უარს იტყვის შიდა რეფორმებზე, ამით ის ნოყიერ ნიადაგს მისცემს მარცვალს, საიდანაც მისი საწინააღმდეგო რისხვა ამოვა. უფროსი თაობისგან განსხვავებით, რუსი ახალგაზრდები ინფორმაციას არა ტელევიზიებიდან, არამედ ინტერნეტიდან იღებენ და არ არის გამორიცხული, ვლადიმირ პუტინმა, არაბული სამყაროს ლიდერების მსგავსად, საკუთარ თავზე გამოსცადოს სოციალური ქსელების ყოვლისშემძლეობა“, – ნათქვამია სტატიაში.

The Observer-ის რედაქციას არ გაჰკვირვებია ის, რომ პუტინი პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს : ,,სინამდვილეში, პუტინი КГБ -ს სასტიკი ექს-თანამშრომელია, რომელმაც თავისი პოსტი 2008 წელს დატოვა, თუმცა დროებით, რადგან ის არსად არ წასულა.“– წერს გამოცემა.– ,,თუმცა არავინ არ უარყოფს, რომ ის და მისი პარტია ,,ედინაია როსია“ რეალური პოპულარობით სარგებლობენ, ეს მათ მოიპოვეს ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის წყალობით, რომლებიც თავს ესხმიან პუტინს და მის მხარდამჭერებს. ქვეყანა დემოკრატიიდან, უკან ავტოკრატიაში ბრუნდება. ეს არის სერიოზული შეშფოთების მიზეზი,“- ნათქვამია კომენტარში.

ესპანური გაზეთი El País ,,ედინაია როსიას“ ყრილობას ფარსს უწოდებს: „ თაღლითობა, გათამაშებული და დადგმული ყრილობაზე, გვაწვდის ერთმნიშვნელოვან სიგნალს, რომელიც ლიბერალიზაციის იმედს არ გვიტოვებს. მედვედევი არაფრისმაქნისი პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელმაც ოთხი წლის წინ დაგმო ,, სამართლებრივი ნიჰილიზმი“ და ,,მარადიული კორუფცია“ რუსეთში, მან მოსახლეობას ცვლილებების იმედი მისცა, რომელსაც შეეძლო ქვეყანა ავტორიტარული მმართველობისგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ მან ეს ვერ ან არ შეძლო“, – ნათქვამია სტატიაში.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „პუტლანდიაში!“ – აქ პრეზიდენტი პრემიერ–მინისტრი ხდება, პრემიერს კი პრეზიდენტად აღზევება ძალუძს და ამით ჯადოსნური გარდასახვები არ მთავრდება...“ – წერს SPIEGEL ONLINE.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100