ჯარისკაცი, რომელმაც სსრკ-ს არმიას “დაადო” და დუშმანებთან ერთად იბრძოდა

სერგეი კრასნოპეროვი1984 წელს რუსი ჯარისკაცი სსრკ-ს შეიარაღებული ძალებიდან - ავღანელ ბოევიკთა ჯგუფს შეუერთდა. დღეს მას ნურ მუჰამედი ჰქვია და ცოლთან - ავღანელ ქალთან ერტად ცენტრალურ ავღანეთში ცხოვრობს. ამ გზით გამქრალი კიდევ 270 იმდროინდელი საბჭოთა ჯარისკაცის ბედი დღემდე უცნობია.

კრასნოპეროვი იხსენებს, რომ სამხედრო პოსტი დატოვა და მოწინააღმდეგეებს ჩაბარდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. ნარკვევს მასზე The Times აქვეყნებს: “ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცი უკვე მეორედ ამხილეს ავღანელებისთვის საბრძოლო მასალის მიყიდვის გამო და მან კარგად იცოდა, რომ სასჯელი მკაცრი იქნებოდა”, წერს ჟურნალისტი და კრასნოპეროვის სიტყვები მოჰყავს: “რომ არ გავქცეულიყავი, ციხეში ჩამსვამდნენ. ამიტომ წავედი მთებში, ვიპოვე ბოევიკთა ჯგუფი და მივეკედლე. მათ მე სტუმართმოყვრულად მიმიღეს და მათ რიგებში გავწევრიანდი”. ეს 1984 წელს მოხდა.

ამჟამად უკვე ნურ მუჰამედმა ადგილობრივი ენა მაშინვე შეისწავლა, ისლამი მიიღო, ავღანელი ქალი შეირთო და დღემდე მთებში, ცენტრალური ავღანეთის დასახლება ჩაღჩარანში ცხოვრობს - სულ რამდენიმე მილზე იმ ადგილიდან, სადაც ერთ დროს სსრკ-ს არმიაში მსახურობდა. ექვსი შვილი ჰყავს, ლუკმაპურს ელექტრომონტიორობით შოულობს, ასევე, შეუძლია შეაკეთოს სატვირთო მანქანის ნაწილები და ფლობს 30 % პაის ტრაქტორზე. “მართალია, ავღანეთში ცხოვრების დონე დაბალია, მაგრამ მე აქ უნდა დავრჩე, რადგან ცოლი და შვილები მყავს”, - ამბობს ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცი.

როცა The Times-ის ჟურნალისტი დაინტერესდა, გაარკვია, რომ ამ თუ სხვა გზით ავღანეთში, საერთო ჯამში, სსრკ-დან 270 სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მებრძოლ-ინტერნაციონალთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ლავრენტიევმა The Times-ს უთხრა, რომ მათ შესახებ ცნობების მოძიება დღემდე ვერ მოხერხდა:

“1991 წლიდან დღემდე ჩვენ 29 ცოცხალ ადამიანს მივაკვლიეთ, მათგან 22 ყოფილ სსრკ-ში დაბრუნდა, შვიდმა კი ავღანეთში დარჩენა გადაწყვიტა.” - ამბობს ლავრენტიევი.

მუჰამედ-კრასნოპეროვი ამბობს, რომ თავისი ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგაც უბრძოლია: “ტანკები და ვერტმფრენები სისხლს გვიშრობდნენ. მე ტყვიამფრქვევების შეკეთებითა და სხვა იარაღის გამართვით ვიყავი დაკავებული. ჩვენ ზუსტად მიზანში ვახვედრებდით ვერტმფრენებს, ეს ამბავი კი სწრაფად გავრცელდა და მალე ვერტმფრენებს ჩვენთან აღარ უშვებდნენ”, - ამბობს ის.
“შეხედულებით ასე, 45 წლის მუჰამედი არაფრით განსხვავდება ავღანელებისგან: მზისგან გარუჯული სახე, ქარისგან გამომშრალი, გაუხეშებული სახის კანი, მკაცრი ნაკვთები, ხშირი წვერი. ის ამბობს, რომ თალიბების რეჟიმის დროს მას კარგად ექცეოდნენ, რადგან მათი ლიდერი, მულა ომარი პატივს სცემდა იმ რუსებს, ვინც ისლამი მიიღეს.

“ახლა ყველაფერი ბევრად უარესადაა, რადგან ნატომ ძალაუფლება თაღლითებს ჩაუგდო ხელში”, - ამბობს ყოფილი ჯარისკაცი. - “ისინი მხოლოდ ჯიბეების ამოვსებაზე ფიქრობენ. ჩვენს რაიონს საველე მეთაურები აკონტროლებენ, როგორც ვიცი, “თალიბანს” შეუთანხმდნენ. და კიდევ ერთი დეტალი: ყოფილი საბჭოელი ჯარისკაცი ვარაუდობს, რომ ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება მალე დაემხობა.

კომენტარი